ჟურნალისტებისა და იურისტებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აცნობს.
შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში" მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე "ჯი-ეიჩ-ენს" საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა, საუბარი ძირითადად მაუწყებლის საკუთრებისა და ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ, ასევე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით შექმნილ პრობლემებს შეეხება.
"ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მაუწყებლებს აქვთ, ეს არის საკუთრების და ფინანსური გაუმჭვირვალობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არა მხოლოდ ის, თუ ვინ არის მედიასაშუალების ხელმძღვანელი, არამედ ისიც, თუ სად მიდის და როგორ იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მედიისთვის გამოყოფილი თანხები", - განუცხადა ტუღუშმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი განმარტებით, სერიოზული პრობლემა არსებობს მაუწყებელთა ლიცენზირების კუთხითაც, რადგან "ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლა, ფაქტიურად, შეუძლებელია".
"გარდა ამისა, დიდი წნეხის ქვეშ არიან მაუწყებლები და უსაფრთხოების მეტი გარანტიები სჭირდებათ ჟურნალისტებს. ეს ის საკითხებია, რაზედაც მზად ვართ ხელისუფლებასთან დისკუსია გავმართოთ", - განმარტა ტუღუშმა.
მისი განმარტებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული პაკეტი ცვლილებების შეტანას რამდენიმე კანონში, მათ შორის "მაუწყებლობის შესახებ" კანონსა და ადმინისტრაციულ კოდექსში გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში უმრავლესობის წევრების მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ მედიაგამჭვირვალობის კუთხით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ცვლილებების მხოლოდ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შეტანაც საკმარისი იქნება.
საინიციატივო ჯგუფმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის "მედია გარემოს ანალიზი და მისი გაუმჯობესება" ფარგლებში მოამზადა.