მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის დუნია მიატოვიჩის შეფასებით, მედიაგამჭირვალობის კანონპროექტზე მუშაობის დაწყება წინგადადგმული ნაბიჯია.
ამის შესახებ დუნია მიატოვიჩიმ პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"შეხვედრაზე მოვისმინე ის ძირითადი მიმართულები მედიაგამჭირვალობის შესახებ, რომელიც, შესაძლოა, ამ კანონპროექტში აისახოს. ასევე, ბაქრაძემ შემომთავაზა, რომ ჩვენი ოფისი აქტიურად ჩაერთოს კანონპროექტის განხილვაში, იმისთვის, რომ ჩვენი რეკომენდაციები წარუდგინოთ", - აღნიშნა ეუთოს სპეციალურმა წამოამდგენელმა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეთან ასევე განიხილა, თუ როგორ უნდა ჩაერთოს ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება კანონპროექტის განხილვაში.
"ეს იქნება წინგადაგმული ნაბიჯი, თუკი ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების აზრს გაითვალისწინებს. ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ პროცესები სწორი მიმართულებით მიდის", - აღნიშნა მან.