"ეროვნული საბჭოს" ეგიდით შეიქმნა ორგანიზაცია "თავისუფალი საქართველო", რომელსაც კახა კუკავა უხელმძღვანელებს და რომლის უმთავრესი ამოცანა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე როგორც პარტიული, ასევე უპარტიო მოხალისეების მოზიდვა იქნება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ეროვნული საბჭოს" ლიდერებმა კახა კუკვამა, კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა ისაუბრეს.
ახლადშექმნილი ორგანიზაციის ლიდერმა კახა კუკავამ "თავისუფალი საქართველოს" შექმნის მიზეზებზე ისაუბრა და განმარტა, რომ მათი მიზანი რეგიონში მცხოვრები ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მობილიზება იქნება.
"ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვითანამშრომლებთ. სტრატეგიული ამოცანა არის ის, რომ თბილისში და რეგიონებში პოლიტიკით, მხოლოდ პოლიტიკოსები არ იყვნენ დაკავებულები. უნდა შეიქმნას დიდი ოპოზიციური ქსელი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. "ეროვნულ საბჭოს" რეგიონებში უნდა ყავდეს აქტივისტები, რომლებსაც შესაძლოა პარტიაში გაერთიანების სურვილი არ ჰქონდეთ, თუმცა ისინი უპრობლემოდ ითანამშრომლებენ ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიც "თავისუფალი საქართველოა"", - განაცხადა კუკავამ.
ზვიად ძიძიგურის თქმით კი, საქართველოში პოლიტიკურ პროცესები ძირითადად, მხოლოდ თბილისში ვითარდებოდა, "თავისუფალი საქართველო" კი, "რეგიონებში ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის გააქტიურებაზე იმუშავებს".
შეგახსენებთ, რომ დღეს, "ეროვნულ საბჭოში" შემავალი პარტიები ორგანიზაციულადაც გაერთიანდნენ. "საქართველოს კოსნერვატიულმა პარტიამ" და "ხალხის პარტიამ" გააერთიანეს ფინანსური, პოლიტიკური, ორგანიზიაციული რესურსები და ამ პირობებში, ერთიანი მმართველობით გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, "ეროვნული საბჭოს" ეგიდით.
ამიერიდან, "ერვნულ საბჭოს" საერთო ოფისი, (ყველა რეგიონში) ლოგო და დროშა ექნება.