სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა ნიკა მელიას პროვოკაცია არ დაგმო. იქ საუბარია, თითქოს 2 პარტიის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რაც მოხდა. ნიკა მელია მიეჭრა პირდაპირ ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის აკეთებდა კომენტარებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„იცით, რომ გუშინ იყო შეხვედრები პარტიების წარმომადგენლებთან ევროკავშირის მისიის მოწვევით და იქ მოხდა ინციდენტი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოველოდით გარკვეულ შეფასებებს ევროკავშირის მხრიდან, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ რომ ეს იყო ფორმატის უპატივცემულობა ნიკა მელიას მხრიდან, რომელიც პირდაპირ მიეჭრა და თავს დაესხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ქმედებები დაიგმოს, ვინაიდან პროვოკაციები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში ქარელში, ხელვაჩაურში, ბათუმში, გამიზნულია იქითკენ, რომ დაპირისპირება მოხდეს“, - აცხადებს პაპუაშვილი.
მისივე თქმით, ასეთი პროვოკაციები უნდა დაიგმოს, რათა არ წახალისდეს პროვოკაციები და ვინმემ არ გაიგოს არდაგმობა როგორც მწვანე შუქი პროვოკაციებისთვის.
„მე წავიკითხე ჰარცელის განცხადება - სამწუხაროა, რომ მან ნიკა მელიას პროვოკაცია არ დაგმო. იქ საუბარია , თითქოს 2 პარტიის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რაც მოხდა. ნიკა მელია მიეჭრა პირდაპირ ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის აკეთებდა კომენტარებს. მიეჭრა ორჯერ - როდესაც მან გადაინაცვლა მანქანისკენ, იქაც მიეჭრა. ამიტომ სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა არ დაგმო პროვოკაცია. მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ განცხადებას არ გაიგებენ, როგორც მათი პროვოკაციების წახალისებას“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
23 სექტემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მელია და კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მელიამ კობახიძეს "ივანიშვილის მონა, უნამუსო" უწოდა, კობახიძემ კი მელიას - "ნაძირალა".
ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, სადაც მან წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა, თუმცა კობახიძის მიერ საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდას მიეასალმა.
კარლ ჰარცელის განცხადებით უკმაყოფილო დარჩა ირაკლი კობახიძეც.