ყველა ბუკლეტსა, თუ სხვა მსგავსი საინფორმაციო ტიპის გამოცემებზე, შესაძლოა, დართული იყოს მცირე ინფორმაცია, საქართველოს ოკუპაციის შესახებ. ამ ინიციატივით პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისია გამოდის.
დღეს დაგეგმილ კომისიის სხდომაზე მიწვეულია ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც დეპუტატებს განუმარტავს დააზარალებს თუ არა ტურიზმის თვალსაზრისით ეს იდეა ქვეყნის იმიჯს.
პროექტის განხილვის შემდეგ კი პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდება შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც დაავალდებულებს ნებისმიერ კერძო თუ სახელმწიფო კომპანიას, რომ მათ მიერ გამოშვებულ ბუკლეტებზე ასევე მითითებული იყოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპაციის შესახებ.
"ჩვენ გვინდა, რომ ყველა გამოცემაში, რომელი გამოდის ეს იქნება ბუკლეტის სახით, წიგნის სახით თუ სახელმძღვანელოს სახით და ა.შ. ყველგან იყოს ასახული ინფორმაცია ოკუპაციის შესახებ. ეს არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო ტერიტორიის 20 % არის ოკუპირებული, ეთნოწმენდის შედეგად გამოდევნილია ნახევარი მილიონამდე ადამიანი და მსხვერპლი არის 30 ათასი ადამიანის ფარგლებში. ეს მინიმალური ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად ყველგან იყოს ყველა გამოცემაში", _ აცხადებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შოთა მალაშხია.