"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" სკოლის დირექტორები გათავისუფლების შესახებ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მიერ დადასტურებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სკოლის დირექტორებმა დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით ერთდროულად მიმართეს სამეურვეო საბჭოებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს მათი თხოვნა, მათ მიერ არაერთხელ დაფიქსირებული შეფასების კიდევ ერთი არგუმენტაციაა.
"კერძოდ, განათლების სისტემის სტრატეგიული მიმართულების - სისტემის დეცენტრალიზაციის ნაცვლად, სახეზე გვაქვს ფსევდოდეცენტრალიზაცია. რეალურად, სისტემა ფუნქციონირებს ავტორიტარული რეჟიმის პირობებში და ხელისუფლება უხეშად ერევა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში", - განმარტებულია განცხადებაში.
მათი მტკიცებით, დირექტორების მიერ ამ გადაწყვეტილებების მიღება უკავშირდება მოსწავლეების მიერ საატესტატო გამოცდების დანიშვნის პარლამენტთან აქციით გაპროტესტებას, განათლების და მეცნიერების სამინისტროსკენ მსვლელობის მოწყობას და ამის გამო, ხელისუფლების განრისხებასა და მისი მხრიდან ზეწოლას.
"მიგვაჩნია, რომ ზოგადი განათლების სისტემის ძირითადი დანიშნულება მოსწავლეთა შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვაა. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ ინსტრუმენტად კი საატესტატო გამოცდების ჩატარებაც გვესახება. მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი ახალი ინსტრუმენტის შემოტანა და ამოქმედება დროში უნდა იყოს გათვლილი. გამორიცხული უნდა იყოს მინიმალური რისკებიც კი, რომელთა დადგომა შეიძლება უკავშირდებოდეს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ან სხვა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. ასეთი რისკების რიცხვი კი შეიძლება ძალიან დიდი იყოს. ამ ვარაუდის საფუძვლად მარტო ხელისუფლების მწვავე შეფასებებიც კი გამოდგება, რომლებიც ადასტურებენ ზოგადი განათლების სფეროში დაშვებულ შეცდომებსა და ეროვნული სასწავლო გეგმის არაეფექტიანობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც პარტია იუწყება, წლების განმავლობაში ჩავარდნილი სასწავლო პროცესის მძიმე შედეგებს მხოლოდ 2010-2011 სასწავლო წელს მეთორმეტეკლასელთათვის განკუთვნილ საათობრივ ბადეში ე. წ. "აბიტურის საათების" გამოყოფა ვერ გამოასწორებს.
მათი მტკიცებით, ამით ხელისუფლება სკოლის მოსწავლეებს აზარალებს.
შეგახსნებეთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 8 სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა.