მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერს, ეკა ბესელიას იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართული პოლიტიკიდან საბოლოოდ არ წასულა.
"იმედია, ეს არის ქალბატონი სალომეს დროებითი ტრანსფორმაცია და ის მთლიანად არ წასულა პოლიტიკიდან. ჩემი აზრით, ის უბრალოდ, დროებით იცვლის საქმიანობის სფეროს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება მისი დახმარება გაეროდანაც", - განუცხადა ბესელიამ "ჯი-ეიჩ-ენს" ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას.
ბესელია დადებითად აფასებს ზურაბიშვილის ოპოზიციაში ყოფნის დროს გაწეულ პოლიტიკურ საქმიანობასაც და აცხადებს, რომ ის პოლიტიკურ არენაზე წონიანი ფიგურაა.
"მასზე წარსულ დროში არ ვისაუბრებ, რადგან მისი დაბრუნების იმედი მაქვს. ის ქართულ პოლიტიკაში ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალაა", - განმარტა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.