"საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა. იგი გაეროს უშიშროების საბჭოს ახლად შექმნილ კომისიას უხელმძღვანელებს, რომელიც ზურაბიშვილის განმარტებით, ირანზე დაწესებული პოლიტიკურ-ეკონომიკურ სანქციებზე იმუშავებს. "საქართველოს გზას" ამიერიდან კახა სეთურიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერემნციაზე ისაუბრა.
ზურაბიშვილი პოლიტიკიდან წასვლის მიზეზად საქართველოში დემოკრატიის არარსებობას ასახელებს და აცხადებს, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიციის არსებობა შეუძლებელია. იგი განმარტავს, რომ ქართული პოლიტიკიდან სამუდამოდ არ წასულა. ეს მისი ტაიმაუტია და როდესაც შესაბამისი დრო დადგება, აუცილებლად დაბრუნდება.
"ამ ქვეყანაში არ არსებობს მინიმალური დემოკრატიაც კი, რომელიც ოპოზიციისთვის საარსებოდ არის საჭირო. ასეთ პირობებში ოპოზიციონერობა ნიშნავს იმას, რომ მონაწილეობა მიიღო ხელისუფლების ილუზიებსა და ტყუილებში. ამ რანგში მოღვაწეობა ვერ წარმომიდგენია. ამ ქვეყანაში აუცილებლად დავბრუნდები, როდესაც შესაბამისი დრო დადგება", - განაცხადა "საქართველოს გზის" ყოფილმა ლიდერმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ მის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა სწორი მიმართულებით მოღვაწეობას გააგრძელებს და კახა სეთურიძე პარტიას ღირსეულად უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება ზურაბიშვილის ახალ საქმიანობას, ყოფილმა ოპოზიციონერმა ლიდერმა განმარტა, რომ დღეს საერთაშორისო ასპარეზზე ირანის საკითხს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ეს საკითხი მისთვისაც მნიშვნელოვანია და უშიშროების საბჭოს შემოთავაზებას სწორედ ამ მიზეზების გამო დათანხმდა.
"მე მაინტერესებს ირანის საკითხი. ეს არის უშიშროების საბჭოს კომისია, რომელიც ახლახან შეიქმნა და ჩვენ ვიმუშავებთ ირანის სანქციების საკითხზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც განათლება საფრანგეთში აქვს მიღებული, 1974 წლიდან მოყოლებული უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში მნიშვნელოვან თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო რომი (საფრანგეთის საელჩო, მესამე მდივანი), ნიუ-იორკი (გაეროში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია, მეორე მდივანი), ვაშინგტონი (საფრანგეთის საელჩო, პირველი მდივანი), ვენა (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენცია, პირველი მდივანი), ბრიუსელი (ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია, პირველი მდივანი, დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა, წარმომადგენლის მოადგილე), პარიზი (საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განათლების სამმართველო, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა ხელმძღვანელი), 2003-2004 წლებში კი ის საქართველოში საფრანგეთის ინტერესებს იცავდა. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ - 2004 წელს ზურაბიშვილი პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის მოწვევით საცხოვრებლად თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა, სადაც ერთი წელი დაყო. საგარეო უწყების ხელმძღვანელობიდან გადაყენების შემდეგ ხელისუფლებაზე განაწყენებული ზურაბიშვილი ოპოზიციაში წავიდა და 2006 წელს პარტია "საქართველოს გზის" შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობდა.