საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 17 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უმრავლესობასთან შეხვედრის დროს მიიღეს.
როგორც ჟურნალისტებს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განუცხადა, შეხვედრა პროდუქტიული იყო და ყველა ძირითადი საკითხი გადაწყდა.
"პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია და პირველი სამუშაო შეხვედრა ცესკოს შენობაში მომავალი კვირის ოთხშაბათს გაიმართება. შეხვედრა ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. შეხვედრაში ჩაერთვება როგორც საერთაშორისო ასევე ის არასამთავრობოები, რომლებიც საარჩევნო პროცესებს აკვირდებოდნენ", - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის ყველა საკითხთან დაკავშირებით თავის პოზიციებს გადახედოს და თუ ძირითად საკითხებზე შეთანხმება მოხდა, მაშინ ფაქტობრივად ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავება მოხდება.