ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური მისია ავღანეთში განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა და გადაიტანა თავისი საელჩო ქაბულიდან ყატარის დედაქალაქ დოჰაში. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, საელჩო დიპლომატიურ საქმიანობას დროებით ყატარიდან განახორციელებს.
შეერთებულმა შტატების ბოლო სამხედრო თვითმფრინავმა ქაბულის აეროპორტი გვიან ღამით დატოვა, რითაც ავღანეთში ამერიკის 20-წლიანი მისია ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა.
"შეერთებული შტატები ხსნის ახალ თავს ავღანეთთან ურთიერთობებში", - თქვა ბლინკენმა და დასძინა, რომ სამხედრო მისია ჩანაცვლდება დიპლომატიური მისიით.
"ახალ დიპლომატიურ მისიას" განახორციელებს ახალი გუნდი, რომელსაც დოჰას ოფისიდან იან მაკკერი უხელმძღვანელებს. მანამდე მაკკერი მეორე რანგის დიპლომატის სტატუსით ქაბულში აშშ-ის საელჩოში მუშაობდა.
ენტონი ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი მზად არის ითანამშრომლოს თალიბანთან, თუ ისინი "შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს".
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ევაკუაციის დასრულების შემდეგ ავღანეთში კვლავ რჩება 100-200 ამერიკელი მოქალაქე. "ყველაფერს ვიღონებთ მათ დასახმარებლად ვიდრე ავღანეთშ რჩებიან და შემდეგ იქიდან გამოსაყვანად", - თქვა ბლინკენმა.
14 აგვისტოს შემდეგ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ქაბულიდან 122 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.