პარლამენტის წევრი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ 2011 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ყველაზე მეტად "დაზარალებული" სასჯელთაღსრულების სამინისტრო და იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სამინისტრო არიან.
ცაგარეიშვილის განმარტებით, 2011 წელს ამ სამინისტროების დაფინანსება ძალიან მცირედ იზრდება და 2011 წელს იძულებით დევნილთა და ლტოლვილთა სამინისტროს ბიუჯეტიდან მთლიანად ქრება შემწეობების ფონდი.
"მაინტერესებს, როგორ გასცემს სახელმწიფო და კონკრეტულად სამინისტრო დევნილებზე ამ შემწეობებს", - განაცხადა არსენიშვილმა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, პაპუნა პეტრიაშვილის განცხადებით, ლტოლვილთა სამინისტროს ბიუჯეტიდან შემწეობების ფონდი იმიტომ ამოვარდა რომ 2011 წლიდან ამ თანხებს ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. პეტრაიშვილი პირობას დებს, რომ დევნილები კუთვნილ შემწეობებს სრულფასოვნად და დაუგვიანებლად მიიღებენ.
"დევნილთა დახმარებები 22-28 ლარია და ეს დახმარება 2011 წლის ბიუჯეტში შენარჩუნებულია. უბრალოდ, 2011 წლიდან ამ თანხებს ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს და ამიტომ ეს თანხები სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში იქნება ასახული. ყველა დევნილი დაზღვეულია და ეს დაზღვევა მათ შეუნარჩუნდებათ. სწორედ ამიტომაა, რომ დევნილთა შემწეობების მუხლი გადადის ჯანდაცვის ბიუჯეტში და ლტოლვილთა სამინისტროს ბიუჯეტს 9 მილიონი ლარი დააკლდება", - განაცხადა პატერიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ბიუჯეტში იძულებით გადაადგილებულ და ლტოლვილთა სამინისტროს დაფინანსება 28 მილიონ ლარს შეადგენს.