ოპოზიციონერი დეპუტატის გია თორთლაძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან გამართულ შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვანი პარტია მონაწილეობს.
"ჩვენი დაპირება, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კვლავ გავაგრძელებდით, ვასრულებთ და ძალიან კარგია, რომ ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც წინა შეხვედრებში არ მონაწილეობდნენ, დღეს უკვე პროცესში ჩაერთვნენ. რაც შეეხება პარტიებს, რომლებმაც უარი განაცხადეს მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, ეს მათი პრობლემაა და ვფიქრობ, რომ ყველა ძირითადი პოლიტიკური მოთამაშე კონსულტაციებში იღებს მონაწილეობას" ,- აღნიშნა თორთლაძემ.
ამასთან პარტია თავისუფლების ლიდერის კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, დღევანდელ შეხვედრას იგი დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება და შემდეგ გადაწყვეტს წარადგინოს თუ არა საკუთარი წინადადებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
მისი შეფასებით, თავად პოლიტიკური პროცესის დაწყებამ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კი კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში რომელიც ახლა ხდება. შეგახსენებთ, რომ პარალმენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციური პარტიის ლიდერების და წარმომადგენლების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. შეხვედრაზე მხარეები ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ.