ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საარჩევნო კოდექსის თავიდან დაწერას მოითხოვს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან ოპოზიციურ ძალების შეხვედრის დაწყების წინ ედპ-ის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.
"მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე საუბარი, როგორიც საარჩევნო კოდექსია, სწორედ პარლამენტში იწყება. ჩვენ გვაქვს ორი წინადადება. კერძოდ, ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა მიეცეს საშუალება თავისი აზრი გამოხატოს და მეორე არსებულ საარჩევნო კოდექსში ყოველგვარი ჩასწორებები უნდა გამოირიცხოს და უნდა გაიწეროს თავიდან ახალი საარჩევნო კოდექსი", - აღნიშნა ქარდავამ.
ქრისტიან-დემოკრატების შეფასებით, მნიშვნელოვანია რომ 2009 წელს შეწყვეტილი მოლაპარაკებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დღეს კვლავ განახლდა.
"ჩვენ, როგორც საპარლამენტო უმცირესობაში ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ძალამ, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით პროცესი შედეგიანად დასრულდეს და ახალი საარჩევნო კოდექსი დაიწეროს", - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.