ნატო ცდილობს რუსეთს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული სამხედრო ძალის გაყვანის ვალდებულება ააღებინოს და ამისათვის ახალ რაღაცეებს იგონებს. ეს განცხადება ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა.
"საქმე იმაშია, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები ცდილობენ რუსეთისათვის სტამბულის ახალი ვალდებულებების მოგონებას. ადრე საუბარი მიდიოდა ჩვენი სამხედრო ბაზების გაყვანაზე, რომელიც ჩვენ სხვათაშორის გავიყვანეთ, მაგრამ ამის მიუხედავად იქ ომი მაინც მივიღეთ, ახლა ვხედავთ, რომ ევროპაში შეიარაღებაზე კონტროლის დაწესების რეჟიმის დამყარების პირობად, ცდილობენ თავს მოგვახვიონ ვალდებულება, რომელიც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჩვენი სამხედროების გაყვანას გულისხმობს", _ განაცხადა როგოზინმა.
მისივე თქმით, უკვე მოგონებულია მიმღები მხარის თანხმობის პრინციპი, თავის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების განთავსების თაობაზე.
"არსებითად პრინციპი სწორია, და ჩვენ მას ვითვალისწინებთ კიდეც, ვინაიდან ჩვენი ყოფნა აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც მიმღები მხარის თანხმობით ხდება, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ დამოუკიდებლად არსებულ ტერიტორიად. თუმცა ცხადია, რომ აშშ-ს ეს არ აწყობს და ისინი კვლავინდებურად ცდილობენ თავს მოგვახვიონ ისეთი მიდგომები რომელთა მეშვეობითაც საერთოატლანტიკური პოზიციის გამომუშავებით ნატოში, ცდილობენ მიგვიყვანონ იქამდე, რომ ჩვენ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ჩვენს მიღებულ გადაწყვეტილებებს გადავხედოთ. ეს კი შეუძლებელია. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ გადახედავს პრეზიდენტი მედვედევი თავის გადაწვეტილებებს. ეს ვერც ვერავის ვერ წარმოუდგენია და ესე იგი ეს შეუძლებელია. ჩვენ ძალიან გვაკვირვებს ეს მიდგომა და სწორედ ამასთანაა დამოკიდებული სხვა მოქმედებათა ჯაჭვი", _ აცხადებს როგოზინი და დასძენს, რომ რუსეთი შეეცდება ყოველივე ეს ამერიკელ პარტნიორებს აუხსნას.
"თუკი შევძლებთ და ვეტყვით პარტნიორებს, რომ სხვანაირად ჩვენ მოქცევა არ შეგვიძლია და ისინი გაიგებენ, რომ ეს ის "წითელი ხაზია" რომელსაც ჩვენ არ გადავაბიჯებთ, ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები არსებით შეიარაღებულ ძალებზე. მით უფრო, რომ ფორმულირება არ საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებობს", _ აცხადებს როგოზინი.
მასალის გამოყენების პირობები