საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე დავით ბაქრაძის კაბინეტში დაგეგმილ კონსულტაციებს "ქართული დასის" ლიდერიც შეუერთდება, თუმცა ბაღათურია იქ საკუთარი წინადადებებით მივა.
"საარჩევნო რეფორმის მთავარი ამოცანაა ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის თანაბარი კონკურენტული საარჩევნო პირობების შექმნა, რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო რეფორმის 4 საბაზისო მიმართულებას. 1. თანაბარი წარმომადგენლობა ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში 2. თანაბარი ლიმიტი ფინანსური რესურსების ხარჯვაზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს 3. თანაბარი, დაბალანსებული საარჩევნო ველი, მათ შორის თანაბარი წუთობრივი ლიმიტი წინასაარჩევნო კლიპებზე 4. თანაბარი შეზღუდვა ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხში... დღეს, ჩვენ მივდივართ შეხვედრაზე და ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს და ხელისუფლებას გავაცნობთ და შევთავაზებთ ამ პაკეტს", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.
რაც შეეხება პასპორტებთან დაკავშირებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას, ბაღათურიას მტკიცებით, მათში ბიომეტრიული სურათების ჩაკვრის ვალდებულება ხელისუფლებას ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ისედაც აღებული ჰქონდა.
"პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასი" არ იზიარებს ჩვენი კოლეგების ნაწილის აღფრთოვანებას იმ საკითხით, რომ ხელისუფლებასთან მიაღწიეს დიალოგს პასპორტებში ბიომეტრიული სურათების ჩაკვრასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას ეს ვალდებულება აღებული აქვს ევროკავშირის წინაშე და ამ საკითხებზე მოლაპარაკება ემსგავსება ღია კარის მტვრევას", - განმარტა ბაღათურიამ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დაიწყო. მორიგი კონსულტაცია დღეს, 15:00 საათზე, დავით ბაქრაძის კაბინეტშია დაგეგმილი.