დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანის" ლეგიტიმურობის აღიარება ყოვლად დაუშვებელი ნაბიჯი იქნება. განაცხადა ჯონსონმა 15 აგვისტოს, "თალიბანის" მიერ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დაკავების ფონზე.
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ლონდონს არ სურს, ვინმემ "თალიბანი" ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში ავღანეთის ახალ მთავრობად აღიაროს.
მისივე თქმით, გაეროსა და ნატოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი მკაფიო პოზიცია უნდა გააჩნდეს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ეჭვგარეშეა, "ავღანეთში ახალი მთავრობა იქნება", თუმცა ქვეყნის "პოლიტიკური მომავალი ბუნდოვანია".
"არავის სურს, რომ ავღანეთი ტერორისტთა თავშესაფარი გახდეს, ან დაუბრუნდეს 2001 წლამდე არსებულ ვითარებას", - თქვა ჯონსონმა.
ცოტა ხნით ადრე, Associated Press-ი, "თალიბანის" პრესსპიკერზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება უახლოეს მომავალში ავღანეთის ისლამური საამიროს შექმნას გამოაცხადებს.
ამ დროისთვის, შეიძლება ითქვას, ავღანეთს მთლიანად "თალიბანი" აკონტროლებს. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ავღანეთი უკვე დატოვა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებს.