ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანის" მებრძოლებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყეს.
როგორც BBC-ისა და Al Jazeera-ს ქაბულში მომუშავე რეპორტიორები იუწყებიან, თალიბანის მებრძლები ქალაქის შესასვლელთან იმყოფებიან. საბრძოლო შეტაკებები არ მიმდინარეობს.
Al Jazeera საკუთარ რეპორტიორზე დაყრდნობით იუწყება, რომ "თალიბანის" ქაბულში შესვლას ადასტურებს ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ქაბული მთლიანად "თალიბანის" მებრძოლებით არის გარშემორტყმული.
გავრცელებული ინფორმაციით, "თალიბანმა" თავის მებრძოლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან ვიდრე, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება არ მოხდება.
ავღანეთის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა მოკლე შეტყობინება, სადაც აღნიშნულია, რომ სიტუაცია კონტროლდება.
"ქაბულს თავს არ დასხმიან. ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვის ძალები საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ ქალაქის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სიტუაცია კონტროლდება", - ნათქვამია შეტყობინებაში.
ამ დროისთვის, ქაბული ავღანეთის ერთადერთი მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელიც "თალიბანს" ჯერჯერობით არ დაუპყრია.