ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანმა ქვეყანა დატოვა. იტყობინება BBC ავღანეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, ავღანეთი ასევე დატოვა ვიცე-პრეზიდენტმა, ამრულა სალეჰმა.
ავღანური სააგენტოს Tolo News-ის ინფორმაციით, ღანი ოფიციალურად გამოაცხადებს გადადგომას, როგორც კი ქაბული და თალიბანი მიაღწევენ პოლიტიკურ შეთანხმებას და ძალაუფლება გადაეცემა გარდამავალ მთავრობას.
ვითარება ქაბულში ყოველწუთიერად იცვლება.
ცოტა ხნის წინ, ექსტრემისტული დაჯგუფება თალიბანის მებრძოლები ქაბულში შევიდნენ.
თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში განაცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მებრძოლები ქალაქზე თავდასხმას არ გეგმავენ, რადგან მათი მიზანია ქაბულის უბრძოლველად აღება.
BBC-ის ცნობით, ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ "ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდება" და შეიქმნება გარდამავალი მთავრობა". მისი თქმით, ქაბული თავდასხმის ქვეშ არ მოექცევა.
საინფორმაციო სააგენტო Associated Press, ავღანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ თალიბანის წარმომადგელები პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან, რათა მოემზადონ ძალაუფლების "გადაცემისათვის".