ექსტრემისტული მოძრაობა "თალიბანის" მებრძოლებს შესწევთ ძალა 30 დღის განმავლობაში იზოლირება მოახდინონ, ხოლო 90 დღის განმავლობაში ხელში ჩაიგდონ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული. ასეთ დაშვებას აკეთებს შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი "თალიბანის" მიერ ავღანური პროვინციების დაპყრობის ფონზე.
თავდაცვის დეპარტამენტში მომუშავე ანონიმური წყარო, ეყრდნობა რა აშშ-ის დაზვერვის მონაცემებს, აცხადებს, რომ პენტაგონის ეს ვარაუდი თალიბანის ბოლოდროინდელ მიღწევებს ეფუძნება.
ამასთანავე, წყაროს ცნობით, პენტაგონში განიხილავენ დაშვებას, რომ შესაძლოა, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა შეცვალონ ვითარება, თალიბანის წინააღმდეგ უფრო ძლიერი წინააღმდეგობის გაწევით.
ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის განცხადებით, თალიბანი ახლა აკონტროლებს ავღანეთის 65%-ს და უკვე აიღო, ან უახლოეს ხანებში აიღებს 11 პროვინციის დედაქალაქს.
ოთხშაბათს, ავღანეთის სამთავრობო ძალებმა მორიგი მარცხი განიცადეს და კონტროლი დაკარგეს ქალაქ ფაიზაბადზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბადახშანის პროვინციის დედაქალაქზე.
გამწვავებული ვითარების ფონზე, 11 აგვისტოს ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი გაემგზავრა ბალხის პრონვიციის დედაქალაქ მაზარ-ე შარიფში, რათა დაერაზმა ავღანეთის სამთავრობო ძალები თალიბანის მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებიც ამ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქის ხელში ჩაგდებას ესწრაფვიან.
ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, 10 აგვისტოს კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მან მოუწოდა ავღანელ ლიდერებს, რომ იბრძოლონ თავიანთი სამშობლოსთვის და დასძინა, რომ არ ნანობს ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილებას.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, 20 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებული ძალების განსავითარებლად ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.