ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანის" მებრძოლებმა ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბადახშანის პროვინციის დედაქალაქი ფაიზაბადი დაიპყრეს. აღნიშნულის შესახებ თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა.
"თალიბანის გადამწყვეტი და სისტემური ოპერაციის შედეგად, მოძრაობამ კონტროლი დაამყარა ბადახშანის პროვინციის ცენტრ ფაიზაბადზე. მოჯაჰიდები (მებრძოლები) აკონტროლებენ გუბერნატორის რეზიდენციას, პოლიციის შენობას, დაზვერვის დეპარტამენტსა და ყველა სამთავრობო უწყებას", - განაცხადა ზაბიულა მუჯაჰიდმა სოციალურ ქსელში.
თალიბანის ოფიციალური წარმომადგენელი ასევე ირწმუნება, რომ მანამდე მებრძოლებმა კონტროლი დაამყარეს ბაღლანის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ პული-ხუმრიზე.
ზაიბულა მუჯაჰიდის თქმით, ეს არის მეცხრე პროვინციული ცენტრი ქვეყანაში არსებული 34-დან, რომელიც თალიბების კონტროლის ქვეშ მოექცა ბოლო სამი დღის განმავლობაში.
ბოლო ინფორმაციით, თალიბანი აკონტროლებს შემდეგი პროვინციების დედაქალაქებს - ნიმრუზის, ჯუზჯანის, სარიპულის, ყუნდუზის, თახარის, სამანგანის, ფარაჰის, ბაღლანისა და ბადახშანის.
ჯერჯერობით, ავღანეთის ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა.