ჩინეთმა ლიეტუვიდან თავისი ელჩი გაიხმო მას შემდეგ, რაც ვილნიუსში ტაივანის ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა გადაწყდა.
ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ლიეტუვას, პეკინიდან თავისი ელჩი გაიწვიოს.
ჩინეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიეტუვის მთავრობამ, ტაივნისთვის ოფიციალური წარმომადგენლობის გახნის ნებართვის მინიჭებით, უკუაგდო პეკინის არაერთი მინიშნება მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
პეკინის განცხადებით, აღნიშნული ქმედებით, ლიეტუვა ძირს უთხრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
შეგახსენებთ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 ივლისს განაცხადა, რომ ტაივანის ზაფხულის მიწურულს ვილნიუსში ოფიციალურ წარმომადგენლობას გახსნიდა. მალევე ტაივანის ლიდერმა, ცა ინ-ვენმაც დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია.
მანამდე, ლიეტუვამ განაცხადა, რომ ტაივანში სავაჭრო-ეკონომიკური ოფისისი გახსნას გეგმავს. აღნიშნული განზრახვა მაშინაც მკაცრად დაგმო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ პეკინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სხვა ქვეყნების მიერ ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების მცდელობებს.
ტაივანს 1949 წლიდან, როდესაც სამოქალაქო ომში დამარცხებულმა გომინდანის ძალებმა ჩან კაიშის მეთაურობით თავი შეაფარეს კუნძულს, საკუთარი დემოკრატიული ხელისუფლება ჰყავს.
პეკინი კუნძულს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციად მიიჩნევს.