მწერლები ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე და გელა ჩარკვიანი უერთდებიან სხვა მწერლების პროტესტს და ლიტერატურულ პრემია "ლიტერადან" თავიანთ წიგნებს ხსნიან.
ინფორმაციას საგამომცემლო სახლები "არტანუჯი" და "ინტელექტი" ავრცელებენ.
"ჩვენს ავტორებთან - ვახტანგ ჯავახაძესა და ბესიკ ხარანაულთან შეთანხმებით გამომცემლობა "ინტელექტი" მათ წიგნებს პრემია "ლიტერადან" ხსნის!", - ნათქვამია "ინტელექტის" განცხადებაში.
"გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით, გამომცემლობა "არტანუჯი" მის წიგნს - "English - როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი" პრემია "ლიტერადან" ხსნის", - ამბობს "არტანუჯი".
ლიტერატურულ პრემია "ლიტერას" მონაწილეები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის ნიშნად კონკურსიდან თავიანთ წიგნებს ხსნიან.
როგორც კონკურსის მონაწილეები აცხადებენ, მათი პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა ლიტერატურული პრემიის ჟიურის შემადგენლობაში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის დანიშვნამ. "ლიტერას" 5-წევრიან ჟიურიში კულტურის სამინისტრომ პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე წარადგინა, რომელიც სამინისტროში წულუკიანის მრჩევლს თანამდებობას იკავებს.
მწერლების პროტესტს შეუერთდნენ "ლიტერას" ჟიურის წევრებიც. პროტესტის ნიშნად პრემია დატოვა ჟიურის ყველა წევრმა, გარდა იოსებ ჭუმბურიძისა.
"ლიტერას" მონაწილეთა უმრავლესობამ წერილობით მიმართა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს და მის მიერ დანიშნული ჟიურის წევრის უკან გახმობა მოსთხოვა. კულტურის სამინისტრო ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს, იოსებ ჭუმბურიძე კი აცხადებს, რომ რჩება ჟიურიში და კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.