ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კიდევ ერთხელ ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას.
საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ეთანხმება მის შინაარსს.
ამასთან, ვიოლა ფონ კრამონი დასძენს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ქართულ ოცნებას" შეთანხმების ანულირება გაუადვილა.
"მართალია, სამწუხაროდ, ასევე მართალია უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართაც, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერა არც კი უცდია. მათ გაუადვილეს "ქართულ ოცნებას" ხელმოწერის ანულირება. კიდევ უფრო მართალია: ამ გადაწყვეტილებებით ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობა დაზარალდება", - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
მანამდე, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ.
ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში გუშინ ღამით, კიევიდან ჩამოვიდა.