საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ფაიზერის" ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ამერიკელ ხალხსა და ელჩ კელი დეგნანს.
ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და კელი დეგნანთან ერთად იმყოფებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ვაქცინის დოზების ჩამოსვლას დახვდნენ.
„ქალბატონო ელჩო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მთავრობის და ხალხის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ, ჯო ბაიდენს, ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს ამ დახმარებისთვის. ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ დღეს საქართველოშია. კიდევ ერთხელ მადლობა ამ დახმარებისთვის. ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელია, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ამისთვის სრული მზაობა გვაქვს.
მინდა, ასევე ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც გაუწია საქართველოს მანამდე კოვიდპანდემიის მართვის დროს და მის შემდეგ და ახლა უკვე კონკრეტული დახმარებისთვის, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის.
მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა ჩავერთოთ ამ კამპანიაში და ავიცრათ, დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ჩვენი მეგობრების, მშობლების, ახლობლების, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.