"ფაიზერის" ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკის მთავრობისგან, ნიშნად ჩვენი მეგობრობისა - განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ამერიკის მიერ საჩუქრად გადმოცემული ვაქცინები.
კელი დეგნანის თქმით, ის მოხარულია, რომ ქართველ ხალხს სტრატეგიული პარტნიორობის ნიშნად ვაქცინას გადასცემს.
"აშშ-მ მხარი დაუჭირა საქართველოს ძალისხმევას მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით პანდემიის დასაწყისიდანვე. ახლა ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ის რასაც ნამდვილად შეუძლია შეებრძოლოს ამ გლობალურ პანდემიას. ეს გახლავთ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. ეს 500 ათასი დოზა ვაქცინა დაემატება იმ 9 მილიონი დოლარის დახმარებას რაც აშშ-მ გაუწია საქართველოს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად, მათ შორის სამი განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრის გადმოცემა, ასევე ჟანგბადის აღჭურვილობის გადაცემა რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს სამასი პაციენტისთვის საჭირო რაოდენობის მაღალი ხარისხის ჟანგბადის მიწოდებას.
მინდა პირადად მადლობა გადავუხადო ქალბატონ ტიკარაძეს და სამინისტროს თანამშრომლებს მათი დაუღალავი შრომისთვის, არაჩვეულებრივი კოორდინაციისთვის, იმისთვის რომ უზრუნველყვეს რომ ეს ვაქცინა დროულად მივიდეს ქართველ ხალხთან. მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეკუთვნის ვაქცინაცია საქართველოში, რომ ისარგებლოს ამ შემთხვევით, აიცრას რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ეს გახლავთ საუკეთესო გზა თქვენი და თქვენი ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და ეს არის ერთადერთი გზა ეკონომიკის აღდგენისთვის. მე უკვე გავიკეთე ფაიზერის ორი დოზა, ასევე ჩემი საელჩოს გუნდის უმეტესმა ნაწილმა და მე გირჩევთ და მოგიწოდებთ რომ აიცრათ", - განაცხადა კელი დეგნანმა.
ფოტო: ამერიკის საელჩო