"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე სენაკის თეატრში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, რომლის დროსაც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა სენაკის თეატრში და კულტურის მინისტრმა თავისი ქმედებით კანონის არაერთი მუხლი დაარღვია, რის გამოც დასაჭერია.
ბურჯანაძის თქმით, მას ასეთი სამარცხვინო კადრები ნაციონალური მოძრაობის დროსაც კი არ უნახავს.
"სამარცხვინო კადრები რაც სენაკში ხდებოდა, სირცხვილი სენაკელებო თქვენი და მეგრელებო, მართლა სირცხვილი. ის სამარცხვინო კადრები. იმათზე ვამბობ, ვინც დარბაზში იყო, ყველაზე კი არ ვამბობ, მაგრამ ძალიან დიდი სირცხვილი იყო ის, რაც იმ დარბაზში ხდებოდა. კულტურის მინისტრი მოიქცა როგორც ტუტუცი ქალი. მოიქცა როგორც დამნაშავე და ხულიგანი, იმიტომ რომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლის - სხვისი ქონების ძალით დაუფლება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. ანუ რამდენიმე მუხლი დაარღვია. დასაჭერია კულტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი...
მე ასეთი კადრები ნაციონალური მოძრაობის დროს არ მინახავს, არც ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და არც ოპოზიციაში ყოფნისას. თავხედობა, სისასტიკე, ყველაფერი ეს ისჯება ხელისუფლების მიერ ჩადენილი ადრე თუ გვიან, ეს არის ბოლო სტადია, რომლის იქეთაც შეუძლებელია რამეზე ილაპარაკო. ეს არის ცინიზმი, თავხედობა, უზრდელობა, ეს არ არის ოჯახში გაზრდილობა", - თქვა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გადაცემაში კომენტარი.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა სენაკში, ფონდი „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. მოგვიანებით, თეა წულუკიანმა თეატრის სცენიდან, "მთავარი არხის" მიკროფონის თანხლებით, საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ მიკროფონს მხოლოდ 3 ოქტომბერს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დააბრუნებს.
"მთავარმა არხმა" კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.