შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში "საინვესტიციო კლიმატი 2021", სადაც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.
დოკუმენტში მიმოხილულია 170-ზე მეტი ქვეყნის საინვესტიციო გარემო.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შეფასებულია საქართველოს საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური პოლიტიკა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ასევე მართლმსაჯულების სისტემა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხები.
"საქართველო, რომელიც მდებარეობს დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაჯვარედინზე, არის პატარა, მაგრამ ღია ბაზარი, რომელიც სარგებელს იღებს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტიდან. მიუხედავად იმისა, რომ იგი მგრძნობიარეა გლობალური და რეგიონული შოკების მიმართ, 1991 წლიდან ქვეყანამ განახორციელა ფართო ეკონომიკური რეფორმები, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია საქართველოს ადგილი სხვადასხვა გლობალურ ეკონომიკურ რეიტინგებში.
"2005-2019 წლებში ეკონომიკის ზრდის ტემპი საშუალოდ 5%-ს შეადგენდა და საქართველოს რეიტინგი საგრძნობლად გაუმჯობესდა გლობალური ბიზნესის, მმართველობის, კორუფციისა და სხვა ინდექსებში. საქართველო მეშვიდეა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2020 წლის ინდექსში, მეთორმეტეა Heritage Foundation-ის 2021 წლის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში, მერვე ადგილზეა ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში და 45-ეა Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში", - ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კორონავირუსის პანდემიამ დარტყმა მიაყენა წარსულში მიღწეულ ეკონომიკურ შედეგებს.
"საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6 პროცენტით შემცირდა, განსაკუთრებით დაზარალდა ტურიზმის სექტორი. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს "აქვს მყარი მაკროეკონომიკური ჩარჩო, მიმზიდველი ბიზნეს გარემო და მკაცრი სახელმწიფო ფინანსური მენეჯმენტი, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს პანდემიის შემდგომ განვითარებას. საქართველოს მმართველობის მაჩვენებლები, როგორც წესი, აღემატება ევროპასა და ცენტრალურ აზიასა და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის საშუალო მაჩვენებლებს", - აღნიშნულია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული 2021-2024 წლების პროგრამა ევროპული სახელმწიფო მშენებლობისთვის, ასახავს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებს, რათა ქვეყანამ სწრაფად შეძლოს აღდგენა და დაუბრუნდეს 2019-2020 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ საერთო ჯამში ბიზნესის და ინვესტიციებისთვის საიმედო პირობების მიუხედავად, მზარდია უნდობლობა სასამართლოს შესაძლებლობის მიმართ დამოუკიდებლად და დროულად გამოიტანოს კომპეტენტური გადაწყვეტილება კომერციულ დავებთან დაკავშირებით.
"ზოგიერთი დავა წლების განმავლობაში ჭიანურდება. სხვა კომპანიები ჩივიან გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური პროცესის გამო, მუნიციპალურ დონეზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხარვეზებზე, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის დანაკლისზე, პოლიტიკური ჩარევის ბრალდებებზე, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის კომერციული კანონების და ასევე კერძო საკუთრების შესახებ დავების მოგვარების დროს გამოვლენის სირთულეებზე", - ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად ამ გამოწვევებისა, საქართველოს რეგიონში მაღალი რეიტინგები აქვს როგორც ბიზნესის კეთებისთვის კარგი ადგილი.
ანგარიშში ერთი თავი ეძღვნება კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს კანონები, რეგულაციები და სანქციები კორუფციასთან საბრძოლველად. ხაზგასმულია, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სახელმწიფო მმართველობაში წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრაში და ახლა მაღალი და რთული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია ქვედა დონის კორუფციასთან ბრძოლაში, კვლავ პრობლემურად რჩება საკითხი, რასაც საერთაშორისო გამჭვირვალობა "ელიტურ" კორუფციას უწოდებს: მაღალი რანგის ოფიციალური პირები იყენებენ იურიდიულ ხარვეზებს პირადი გამდიდრების, მდგომარების ან ანგარიშსწორების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები ძირითადად ფრაგმენტულია, კორუფციის ამ ფორმას ან აღქმას, რომ ის არსებობს, შეუძლია შეარყიოს საზოგადოებისა და ინვესტორთა ნდობა საქართველოს ინსტიტუტებისა და საინვესტიციო გარემო მიმართ.
კორუფცია კვლავ რჩება პოტენციურ პრობლემად სახელმწიფო შესყიდვების პროცესებში, სახელმწიფო ადმინისტრაციის პრაქტიკაში და სასამართლო სისტემაში, ბუნდოვანი კანონებისა და ეთიკის სტანდარტების გამო", - ნათქვამია ანგარიშში.
მართლმსაჯულების სისტემის შეფასების ნაწილში, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ პრობლემურ საკითხად რჩება სასამართლოს დამოუკიდებლობა და მასზე პოლიტიკური ჩარევა.
"შეშფოთება, რომელიც არსებობს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის მთლიანობასა და ხარისხიანი შედეგების მისაღწევად სასამართლოს შესაძლებლობებთან დაკავშირებით, კვლავ არყევს ინვესტორთა ნდობას სასამართლოს მიმართ.
ბევრი ინვესტორი საქართველოს სასამართლო პროცესებს აღიქვამს როგორც ნელ, არაეფექტურ და გამჭვირვალეობის ნაკლებობის მქონეს, რაც მათთვის ყველაზე მწვავე საკითხად რჩება საინვესტიციო კლიმატის შეფასების დროს", - ნათქვამია ანგარიშში.