საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველომ დაამტკიცა, რომ პატრიოტების ქვეყანაა.
ასე ეხმაურება ვაშაძე ქართული მხარის მიერ რუსეთის სპეცსამსახურებთან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავებას.
"ამით რუსეთს კიდევ ერთი მარცხი მოუვიდა. ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ რუსეთის ჯაშუშური ქსელი აქ ვეღარ იბატონებს, რომ საქართველო პატრიოტების ქვეყანაა", - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
რაც შეეხება დაკავებულ ჯაშუშებთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციას, საქართველოს მთავარი დიპლომატის შეფასებით, რუსეთი ყურადღების სხვა საკითხზე გადატანას შეეცდება, თუმცა უშედეგოდ.
"რუსეთი შეეცდება და უკვე ცდილობს კიდეც წარმოაჩინოს, თითქოს საქართველომ პროვოკაცია მოუწყო, თუმცა ძნელია ეს საერთაშორისო საზოგადოებას დააჯერო", - დასძინა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი 13 პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რამდენიმე კვირის წინ დააკავა, თუმცა ამის ამის შესახებ ოფიციალურად 5 ნოემბერს გაცხადდა.