ოფიციალური თბილისი ლათინური ამერიკის სხვა სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას კატეგორიულად გამორიცხავს.
"ლათინური ამერიკის სხვა სახელმწიფოები, გარდა იმ ორი ქვეყნისა, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს, ჩვენი კონფლიქტური რეგიონების არაღიარების პოლიტიკას აგრძელებენ", - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს გაეროში ლათინური ამერიკის ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე განმარტებით, დიპლომატები საქართველოს სწორედ ქართული მხარის მოწვევით სტუმრობენ, "რათა ყველა იმ რეფორმას გაეცნონ, რომელიც ქვეყანამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ განახორციელა".
"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს ლათინური და ცენტრალური ამერიკის, ასევე აფრიკის ქვეყნებთან", - განმარტა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში გაეროში ლათინური ამერიკის ქვეყნების სრულუფლებიანი წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ქართული მხარის მოწვევით ხორციელდება, ელჩები ქვეყნის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს შეხვდებიან, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებს მოინახულებენ და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს დაათვალიერებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონფლიქტური რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა სულ სამმა სახელმწიფომ აღიარა, მათ შორის ორი სწორედ სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნები: ვენესუელა და ნიკარაგუა არიან.