საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ხაბაზი ფუტკრებისთვის "დაცული ტერიტორიის" შექმნის ინიციატივით გამოდის.
როგორც ხაბაზმა დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სურსათზე კონტროლის ახლებურად რეგულირების შესახებ, კანონპროექტთა პაკეტის განხილვისას განაცხადა, ქართული ფუტკრის ჯიშის შესანარჩუნებლად ასეთი ტერიტორიის მოწყობა აუცილებელია.
კერძოდ კი დაცული ტერიტორია დაახლოებით 5 კილომეტრის რადიუსის უნდა იყოს, სადაც სხვა ჯიშის ფუტკრების გადაადგილება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.
ხაბაზის განმარტებით, უნიკალური ქართული ჯიშის ფუტკარს განადგურება ემუქრება, რადგანაც საქართველოს საზღვრებზე ფუტკრების გადაადგილების გაკონტროლება შეუძლებელია, დაცულ ტერიტორიაზე კი მოხდება, როგორც დედა, ისე მამა ფუტკრებს გამოყვანა და გაავრცელება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალეკო ცინცაძე დეპუტატებს კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვისას გააცნობს.