"ახალი მემარჯვენეების" ლიდერები - დავით გამყრელიძე, მამუკა კაციტაძე, ფიქრია ჩიხრაძე, მანანა ნაჭყებია და დავით საგანელიძე კახეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
"ახლებმა" ჟურნალისტებთან შეხვედრისას ოპოზიციის და რეგიონული მედიის ურთიერთანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ცენტრალური ტელეარხების არაობიექტურობას.
"მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ცენტრალური ტელევიზიები ბრეჟნევის დროის ტელევიზიებს დაემსგავსნენ, აქედან გამომდინარე ოპოზიციონერები მთავარ პრიორიტეტად დამოუკიდებელ მედიასთან თანამშრომლობას ასახელებენ.
"მემარჯვენეებმა" ყურადღება გაამახვილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც. მამუკა კაციტაძის განცხადებით, საქართველოში დიქტატორული რეჟიმის გამო დამოუკიდებელი ოპოზიციაც დასუსტებულია. კაციტაძე სიტუაციიდან ერთ-ერთ გამოსავალს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში ხედავს.
"ახლა ჩვენ 8 პოლიტიკური პარტიის ფორმატში ვმუშაობთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე. შესაცვლელია საარჩევნო კოდექსი, საჭიროა ახალი ბიომეტრული პირადობის მოწმობების დამზადება, რადგან დღევანდელი პირადობის მოწმობები ხელისუფლებისთვის არის არჩევნების გაყალბების კარგი საშუალება. ეს არის ყველაზე ჩამორჩენილი დოკუმენტი საქართველოში. შესაცვლელია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, ფინანსური, პროცედურული და დავების განხილვის საკითხები", - განუცხადა რადიო "ჰერეთს" მამუკა კაციტაძემ.