საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მომხდარი ცვლილებებისა და ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეს - დავით ნამგალაურს გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტი დავით ცაბაძე გაესაუბრა. გთავაზობთ, 5 ოქტომბრის "ლელოში" გამოქვეყნებული ინტერვიუს სრულ ვერსიას.
"სამი წლის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა ფეხბურთი პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა, რაც ამ სფეროს დაფინანსებაში გამოიხატა. თუმცა ეს ფინანსები ძირითადად უცხოელი მწვრთნელების დაქირავებას მოხმარდა...
დღეს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს და საინტერესოა, რა დოზით გაგრძელდება სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის მხარდაჭერა, ან რა მიმართულებით წავა დაფინანსება და ასე შემდეგ...
ამ თემაზე სასაუბროდ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეს - დავით ნამგალაურს მივმართეთ...
- უპირველეს ყოვლისა, თქვენი გაზეთის საშუალებით მსურს, ზვიად სიჭინავას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევა მივულოცო. მას რთული და საპასუხისმგებლო საქმე დაეკისრა და იმედი მაქვს, კარგად გაუძღვება... მას ქართული საფეხბურთო სამყაროს გაერთიანება და მხარში დგომა სჭირდება. მოედნებიც გაკეთდება, ნაკრებ გუნდებსაც მივხედავთ, ბავშვთა ფეხბურთსაც, მწვრთნელებისა და მსაჯების კვალიფიკაციაც ამაღლდება, სხვა სფეროებშიც იქნება წინსვლა... მაგრამ ქართული საფეხბურთო სამყაროს გაერთიანების გარეშე, არაფერი გამოვა, ანდა ძალიან ძნელი იქნება წარმატების მიღწევა...
ახალ პრეზიდენტსა და მის გუნდს მხარში დგომა სჭირდება. მოდი, ნუ მოვთხოვთ ახლა ზვიად სიჭინავას, რომ ხვალვე, ან რამდენიმე დღეში და ან რამდენიმე კვირაში გააკეთოს საქმე. ამისთვის დრო და მშვიდად მუშაობაა საჭირო. პრეზიდენტს კარგი პროგრამა აქვს და ახლა ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს პროგრამა განხორციელდეს - ანუ ქაღალდიდან რეალურ საქმედ იქცეს.
- ბოლო რამდენიმე წელია, ხელისუფლება ფეხბურთს ფინანსურად ეხმარება. ფედერაციის ახალი პრეზიდენტისთვის გაგრძელდება თუ არა ეს დახმარება?
- დიახ, უკვე წლებია, რაც სახელმწიფო ფეხბურთს მხარში უდგას, საკმაოდ სოლიდური თანხები იდება ფეხბურთში. მაშინ, პრიორიტეტად ეროვნული ნაკრებისთვის კვალიფიციური უცხოელი მწვრთნელის დაქირავება იყო მიჩნეული. უნდა გითხრათ, რომ ამ მხრივ, სახელმწიფო თავის ვალდებულებას პირნათლად ასრულებდა. ეს თანამშრომლობა გაგრძელდება, უბრალოდ, პრიორიტეტებს გადავხედავთ.
ზვიად სიჭინავას პროგრამა ინფრასტრუქტურით იწყება, შემდეგ მოდის ბავშვთა ფეხბურთი, ეროვნული ჩემპიონატი, მწვრთნელთა კვალიფიკაცია და სხვა მიმართულებები. ხელისუფლების მხრიდან კომპლექსური მხარდაჭერა იქნება, ანუ თანხა, რომელიც ფეხბურთისთვის იქნება გამოყოფილი, იმ სფეროებში გადანაწილდება, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია მიიჩნევს საჭიროდ. მაგალითად, შესაძლოა, ფედერაციამ ფიფასა და უეფას პროგრამით თავად გადაამზადოს მწვრთნელები და მსაჯები, ჩვენ კი დავეხმარებით ინფრასტრუქტურის ნაწილში და ასე შემდეგ... ერთი სიტყვით, სახელმწიფო რომელიმე ერთ მიმართულებაზე არ იქნება აქცენტირებული, ჩვენ კომპლექსურად და თანამიმდევრულად დავეხმარებით ქართულ ფეხბურთს.
- სახელმწიფომ მეორედაც გადაიხადა უცხოელი მწვრთნელისა და მისი შტაბის ხელფასი. 30 დეკემბერს ექტორ კუპერსა და მის თანაშემწეებს ფედერაციასთან გაფორმებული კონტრაქტის ვადა ეწურებათ. რა იქნება ამის შემდეგ?
- ჩვენ ნაკრების მწვრთნელის საკითხშიც ვითანამშრომლებთ და სხვა პრობლემების მოგვარებაშიც. მოკლედ რომ ვთქვა, ყველანაირი დახმარებისთვის მზად ვართ. თუმცა ეს ყველაფერი ფეხბურთის განვითარების ახალი გეგმის მიხედვით მოხდება. შესაძლოა, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის მილიონები აღარ იყოს გამოყოფილი და სახსრები ინფრასტრუქტურასა და ბავშვთა ფეხბურთისკენ მივმართოთ.
ამ საკითხზე ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ. ასე რომ, დაველოდოთ ფეხბურთის ფედერაციის ახალი მმართველი გუნდის შექმნასა და აღმასკომის გადაწყვეტილებებს. ალბათ რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი იქნება კონკრეტული გეგმა, თუ რა მიმართულებით უნდა დავიწყოთ ქართულ ფეხბურთში ვითარების გაუმჯობესება. ეს გეგმა საჯაროც გახდება.
- პირდაპირ ვთქვათ, რომ თემურ ქეცბაია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ექტორ კუპერის ყველაზე რეალური ალტერნატივაა. უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია?
- ზვიად სიჭინავამ აღნიშნა, რომ ეროვნულ გუნდს ქართველმა მწვრთნელმა უნდა უხელმძღვანელოს. სამწუხაროდ, კვალიფიციური მოთამაშეები დღეს ბევრი აღარ გვყავს, შესაბამისად, ნაკრებში ექტორ კუპერის დონის მწვრთნელის დანიშვნა წყლის ნაყვაა. ალბათ, უპრიანი იქნება, ახალ თაობას დაველოდოთ და ვიდრე ეს თაობა ეროვნულ ნაკრებამდე მოვა, უმჯობესია, მანამდე ნაკრებში საშუალო დონის მწვრთნელმა იმუშაოს.
შესაძლოა, ეს მწვრთნელი ქართველიც იყოს... რა თქმა უნდა, თემურ ქეცბაიას კანდიდატურაზე არის ლაპარაკი და გულშემატკივრის აზრიც ვიცით... იმის თქმა მსურს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტაში ქომაგთა როლიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ფეხბურთი გულშემატკივრებისთვისაა და სწორედ ისინი უნდა იყვნენ მონაწილენი იმ პროცესებისა, რაც ქართულ ფეხბურთში მიმდინარეობს. არსებობს ასეთი პროექტიც - ჩატარდეს გამოკითხვა ქომაგებს შორის. ამ პროექტის მიხედვით, გულშემატკივრებს არა ერთ, არამედ რამდენიმე მწვრთნელს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება. ასე გავიგებთ ხალხის აზრს.
- ქართული საფეხბურთო სამყაროს გაერთიანება - ასეთია ზვიად სიჭინავას გზავნილი, რომელიც წესით ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. როგორც გავიგეთ, ფედერაცის მმართველი გუნდიც ამ პრინციპით დაკომპლექტდება. ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე ჩივაძე, რევაზ არველაძე, გიორგი ნემსაძე და ვლადიმერ გუცაევი იქნებიან. ასეა?
- ვერ გეტყვით, ეს ფედერაციის ახალი პრეზიდენტის პრეროგატივაა და მოდი, მან გასცეს ამ კითხვას პასუხი. ერთსაც ვიტყოდი - ზვიად სიჭინავას სხვადასხვა საფეხბურთო წრესთან ურთიერთობის არანაირი პრობლემა არ აქვს და ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. საარჩევნო კამპანიისას ის ყველა თაობის ვეტერან ფეხბურთელს შეხვდა, ელაპარაკა კლუბების ხელმძღვანელებს, მსაჯთა კორპუსის წარმომადგენლებს, გულშემატკივრებს, მასმედიას, რეგიონულ ფედერაციებს... მან ყველას პრობლემა იცის.
მნიშვნელოვანი იქნება, ფედერაციის ახალმა თავკაცმა და მისმა გუნდმა, ცხადია, საფეხბურთო სამყაროს აზრის გათვალისწინებით, ქართული ფეხბურთის განვითარების 10-წლიანი გეგმა შეიმუშაოს. ალბათ, დროა, ყველამ ერთად გავიზიაროთ და ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა, ობიექტურად შევაფასოთ მოვლენები და ყველაფერი გავაკეთოთ საიმისოდ, რათა რამდენიმე წელიწადში ქართულ ფეხბურთს ძველი დიდება დავუბრუნოთ...
გაზეთი "ლელო"
ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2009 წელი