პირველი ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე კოვიდსერტიფიკატი ამოქმედდა. კოვიდსერტიფიკატის მიზანია პადენიის დროს მოგზაურობის შემსუბუქება.
რა არის ციფრული კოვიდსერტიფიკატი?
ეს არის საშუალება ევროკავშირის მასშტაბით მყოფი მოქალაქეებისთვის იმის დასტურად, რომ ისინი:
აცრილები არიან კოვიდვაქცინით;
ცოტა ხნის წინ, გაიკეთეს კოვიდტესტი, რომელმაც ნეგატიური შედეგი აჩვენა;
ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდნენ კოვიდ-19-ისგან.
სერტიფიკატი ხელმისაწვდომი და აღიარებულია ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, ასევე ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში.
კოვიფსერტიფიკატი უფასოა - ევროკავშირის ყველა მოქალაქისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთის, რომლებიც ლეგალურად ცხოვრობენ წევრ ქვეყნებში (სხვა წევრ ქვეყნებში გამგზავრების უფლებით). შესაძლებელია კოვიდსერტიფიკატის ბეჭდური ვერსიის მიღებაც.
კოვიდსერტიფიკატის ციფრული ვერსიის გამოსაყენებლად სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვაა საჭირო.
ზოგიერთი ქვეყანა აქამდეც იყენებდა კოვიდსერტიფიკატებს, მაგრამ ოფიციალურად იგი დღეიდან ამოქმედდა.
სერტიფიკატის მთავარი ელემენტი QR-კოდია, რომელიც მისი ნამდვილობის შესამოწმებლად გამოიყენება. აპლიკაციაში დაცული მონაცემები ინახება დაცულად.
ევროკომისიის მითითებით, სერტიფიკატი მხოლოდ აუცილებელ, ლიმიტირებულ მონაცემებს უნდა შეიცავდეს და შემოწმდება მხოლოდ დოკუმენტის ნამდვილობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები კი მხოლოდ დოკუმენტის გამცემ სახელმწიფოში რჩება.
რისთვის არის საჭირო?
ციფრული კოვიდსერტიფიკატის მესვეურები იმედოვნებენ, რომ სერტიფიკატი მოქალაქეებს ევროკავშირის გარშემო მოგზაურობას გაუადვილებს.
კოვიდსერტიფიკატი არ არის სამგზავრო დოკუმენტი, ის არ ანაცვლებს პასპორტს ან პირადობის მოწმობას.
წესით, კოვიდსერტიფიკატის მფლობელი საერთაშორისო საზღვრის კვეთისასაც უნდა გათავისუფლდეს სავალდებულო ტესტირებისგან ან კარანტინისგან.
აქვს თუ არა მნიშვნელობა რომელი ვაქცინით არის მოგზაური აცრილი?
სერტიფიკატები "ბიონტექ/ფაიზერის", "მოდერნას", "ასტრაზენეკას" და "ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინებით აცრილი პირებისთვის გაიცემა.
ასევე, სერტიფიკატების გაცემა იგეგმება იმ პირებისთვის, რომლებიც აცრილნი არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცებული ვაქცინებით, როგორიცაა "ასტრაზენეკა ქოვიდშილდ" (ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის მიერ წარმოებული ვაქცინა), "სინოფარმი" და "სინოვაკი".
ეროვნული ხელისუფლებები გადაწყვეტენ, თუ ვინ მიენიჭება კოვიდსერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილება.