დღეს, 7 ნოემბერს, ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის დაბადებიდან 290 წელი სრულდება. ერეკლე მეორე 1720 წლის 7 ნოემბერს თელავში დაიბადა.
1744-1762 წლებში კახეთის, 1762-98 წლებში კი ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ II-ის ძე, ერეკლე II, აკავშირებდა ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს. დედამისი, თამარი, ვახტანგ VI-ის ასული იყო, ხოლო მამა, თეიმურაზ II _ კახთა მეფე დავით II-ის (იმამყული-ხანი) ძე.
1744 თეიმურაზ II ქართლში გამეფდა, ერეკლე II კი _ კახეთში. XVIII საუკუნის 40-იანი წლების მიწურულისთვის ნომინალურად ირანის ვასალი ქართლ-კახეთი ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ (1747) თბილისი ირანელებისგან გაათავისუფლეს, თავიანთ ბატონობას დაუმორჩილეს და დახარკეს განჯისა და ერევნის სახანოები. თეიმურაზ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით (1762) ქართლ-კახეთში ერთმეფობის დამყარება საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო.
ერეკლე II-მ ხელისუფლების ცენტრალიზაციისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. შეზღუდა თავნება თავადები და გააუქმა ზოგიერთი სათავადო (არაგვის, ქსნის); დაასახლა უცხოელ დამპყრობთა შემოსევების შედეგად მოოხრებული რაიონები; გაატარა ბატონყმური ურთიერთობის რეგლამენტაცია ფეოდალთა შეზღუდვის მიზნით; იღვწოდა უცხოელ მოახალშენეთა მოზიდვისა და სამეფო საკუთრების გაზრდისთვის; გამოსცა კანონი (1765), რომლის ძალითაც, ტყვეობიდან თავისი სახსრებითა და ინიციატივით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა; შექმნა და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა; შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი; აღადგინა საკუთრების ქალაქური წესი (1770); აკრძალა ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს განახლებული ყმათა უმამულოდ გაყიდვა და ტყვეებით ვაჭრობა; დარაზმა ხალხი ტყვეთა გატაცების წინააღმდეგ საბრძოლველად (1772). მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა სახელმწიფოებრივი წყობილების გადასახალისებლად; რუსეთის მიბაძვით შემოიღო სამხედრო სისტემა; სცადა მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაენაწილებინა: "საგარეო საქმეთა", "სახელმწიფო შემოსავლისა" და "სამხედრო საქმეთა" დარგებად.
ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისთვის, რის შედეგადაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, შალის, იარაღის), სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის); მანვე განაახლა ზარაფხანა, დააარსა სემინარიები; მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, გახშირდა წიგნების ბეჭდვა.
XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ერეკლე II-ის სამეფო საბოლოოდ დაუკავშირდა რუსეთს, გაფორმდა 1783 რუსეთ-საქართველოს მფარველობითი ტრაქტატი. ერეკლე II-ს მიაჩნდა, რომ რუსეთის სახელმწიფო ხელს შეუწყობდა ქართლ-კახეთის სამეფოს შემდგომ წინსვლას, მაგრამ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარება მალე შეიცვალა, დიდი სახელმწიფოები გააქტიურდნენ და კვლავ დაიწყეს ბრძოლა ამიერკავკასიის დასაუფლებლად. გამწვავდა მდგომარეობა ქვეყნის შიგნითაც: ერთმანეთს ექიშპებოდნენ ფეოდალები, სამეფო კარზე გაჩაღდა ინტრიგები, მრავალრიცხოვანმა ბატონიშვილებმა დაარღვიეს სამეფო დომენის მთლიანობა, ყველაფერი ეს კი გადაულახავ სიძნელედ გადაეღობა ქვეყნის განახლება-გაძლიერების გეგმებს, რომელიც ერეკლე II-ს ჰქონდა. ამას ზედ დაერთო ირანელთა შემოსევა და თბილისის აოხრება (1795).
ერეკლე II-მ დიდი კვალი დატოვა ქართველი ხალხის ისტორიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან ლაშქრობაში გაატარა და ხშირად უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ხალხმა მას საალერსო სახელი "პატარა კახი" უწოდა. ერეკლე II-ის პიროვნება, მისი საქმეები, ფართოდ აისახა ქართულ ხალხურ შემოქმედებაში. მისი სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
მეფე ერეკლემ სამჯერ იქორწინა. პირველად ის 1738 წელს თავადიშვილ ქეთევან ორბერლიანზე (გ. 1750) დაქორწინდა, თუმცა 1744 წელს გაეყარა. მომდევნო წელს, ერეკლემ თავადიშვილ ანა აბაშიძეზე (1730-1749) იქორწინა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მეფემ დარეჯან დადიანზე (1807) იქორწინა. მეფე ერეკლეს ცამეტი ვაჟი და ათი ქალიშვილი ყავდა.
ერეკლე II 1798 წლის 11 იანვარს თელავში, იმავე ოთახში გარდაიცვალა, სადაც დაიბადა. დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.