ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარიში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) დააკავეს.
სასულიერო პირის ტელეგრამ-არხის თანახმად, ავტომობილში, რომელშიც ის და მისი თანმხლები ოპერატორი იმყოფებოდნენ, საბარგულში თეთრი ნივთიერების შემცველი ოთხი პატარა კონტეინერი აღმოაჩინეს.
მიტროპოლიტ ილარიონის თქმით, ნივთიერების შემადგენლობა, წარმოშობა და ხასიათი კომპეტენტურმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
„მე არ მაქვს და არასოდეს მქონია რაიმე კავშირი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან. ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, მსგავსი ვარაუდიც კი აბსოლუტურად ცრუა. მოვითხოვ სრულ, დამოუკიდებელ და პროცედურულად გამართულ გამოძიებას“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
ჩეხეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ნარკოტიკებთან ყველა შესაძლო კავშირს გამორიცხავს. ის მომხდარის "დამოუკიდებელ და პროცედურულად უნაკლო გამოძიებას“ მოითხოვს.
ის ასევე ამბობს, რომ ბოლო დროს იღებდა მუქარის შემცველ გზავნილებს, რასაც თავის საეკლესიო საქმიანობას უკავშირებდა.
მანამდე მიტროპოლიტი ილარიონი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიას ხელმძღვანელობდა და უნგრეთის მოქალაქეობაც მიიღო. მისი ეპარქიის მღვდლის, გეორგი სუზუკის სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ, ის მღვდლად გადაიყვანეს კარლოვი-ვარიში, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში.
ჩეხეთში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება.
ალფეევი საქართველოში ბოლოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე ჩამოვიდა, როგორც ითქვა, ის რუსეთის ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში იყო.