უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას განცხადებით, კიევზე ახალი დარტყმების შესახებ რუსეთის მუქარების მიზანი დასავლელი დიპლომატების დაშინებაა, თუმცა უკრაინა არ ელოდება, რომ ეს შანტაჟი შედეგს გამოიღებს.
ამის შესახებ სიბიჰამ კიევში, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერთან, სვეტლანა ციხანოვსკაიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის მხრიდან კიევზე ახალი იერიშების მუქარებზე საუბრისას სიბიჰამ აღნიშნა, რომ მოსკოვის მიზანი შიშის გამოწვევაა, მათ შორის უკრაინაში მოქმედ უცხოელ დიპლომატებს შორისაც.
„ის ცდილობს გავლენა მოახდინოს ე.წ. დასავლურ მენტალობაზე“, - განმარტა მინისტრმა, თუმცა დასძინა, რომ ეს მცდელობა წარმატებული არ იქნება.
„ჩვენი რეაქცია ამ მუქარებზე დღესაც გამოჩნდა, როდესაც 70-ზე მეტი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი მოვიწვიე რუსეთის მასირებული იერიშების ადგილების მოსანახულებლად“, - განაცხადა მან.
სიბიჰას თქმით, ოფიციალური კიევი პარტნიორებთან განიხილავს, რომ „არ უნდა აჰყვნენ ამ რუსულ შანტაჟს“.
მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ სწორედ საპირისპიროდ უნდა იმოქმედოს იმისა, რასაც კრემლი ელოდება.
„მსოფლიოს რეაქცია რუსეთის ქმედებების პროპორციული უნდა იყოს - ეს კი დამატებით დახმარების პაკეტებსა და დამატებით სანქციებს ნიშნავს. ვლადიმირ პუტინმა უნდა გაიგოს, რომ სამხედრო გზით ვერაფერს მიაღწევს. მას თავისი ქვეყნის გადარჩენა სჭირდება, თუ ამას შეძლებს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ და გაიხსენა უკრაინის დარტყმებით რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის არმია თანმიმდევრულად მიიტანს იერიშებს უკრაინაში გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. უწყებამ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა.