გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია UNESCO-ს განცხადებით, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ზიანის გამო, "დიდი ბარიერული რიფი" უნდა გათავსდეს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში.
UNESCO-ს წარმომადგენლის თქმით, მსოფლიოში ყველაზე დიდი მარჯნის რიფების საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადატანის საკითხი განხილული იქნება შემდეგ თვეში დანიშნულ შეხვედრაზე.
ამასთან, UNESCO-მ მოუწოდა ავსტრალიას, მიიღოს დაჩქარებული ზომები, რათა წინ აღუდგეს გლობალური დათბობით გამოწვეულ რისკებს, რაც საფრთხეს უქმნის მარჯნის რიფების პოპულაციას.
პირველად მარჯნის რიფების საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადატანის საკითხი, UNESCO-მ 2017 წელს წამოჭრა. მას შემდეგ, ავსტრალიის მთავრობამ 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა მარჯნის რიფების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა ბოლო 5 წლის განმავლობაში, დაფიქსირდა მარჯნის რიფების მკვეთრი შემცირება.
ყველაზე მასშტაბური შემცირება 2016-2017 წლებში დაფიქსირდა, როდესაც წყლის ტემპერატურის რეკორდული ზრდის გამო, მარჯნებმა მასობრივად დაიწყეს გაუფერულება.
გაუფერულება ხდება მაშინ, როდესაც მარჯნები სტრესული გარემო პირობების - წყლის ტემპერატურის მომატების შედეგად - იწყებენ მათთან მცხოვრები წყალმცენარეების ზედაპირიდან მოცილებას, რომლებიც მარჯნებს დამახასიათებელ ფერს ანიჭებენ.
გაუფერულება საბოლოოდ იწვევს მარჯნის სიკვდილს. ამავე დროს, მათ შეუძლიათ თავიანთი ბუნებრივი ფერი აღიდგინონ, თუ წყლის ტემპერატურა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, სასურველ ნორმას დაუბრუნდება, მაგრამ ამას ჩვეულებრივ ათწლეულები სჭირდება.
დიდი ბარიერული რიფი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მარჯნის რიფი, რომლის სიგრძე 2300 კილომეტრს აღემატება. იგი შედგება თითქმის 3 ათასი ცალკეული რიფისა და 900 კუნძულისგან. ის მდებარეობს ავსტრალიის ჩრდილო - აღმოსავლეთით.
1981 წლიდან დიდი ბარიერული რიფი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.