ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მე-4 პაკეტის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ. იუწყება Deutsche Welle.
ელჩების შეხვედრა ბრიუსელში დღეს გაიმართა.
მოელიან, რომ სანქციების პაკეტს საბოლოოდ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 21 ივნისს გამართულ სხდომაზე დაამტკიცებენ.
იმ პირთა და ორგანიზაციების სია, რომლებიც დაექვემდებარებიან სანქციებს, გამოქვეყნდება ახალი პაკეტი დამტკიცების დღეს.
სანქციების ახალი პაკეტი უკავშირდება ბელარუსის რეჟიმის მიერ Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვებას, ჟურნალისტ რომან პრატასევიჩისა და მისი მეგობრის, სოფია საპეგას დაკავებას, ასევე საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევასა და სამოქალაქო აქტივისტების დევნას.
ამ დროისთვის, ევროკავშირის სანქციების რეჟიმი, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და რეპრესიების გამო, 88 ადამიანზე ვრცელდება, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მიერ არალეგიტიმურ პრეზიდენტად ცნობილ ალიაქსანდრ ლუკაშენკაზე. სანქციები გავრცელებულია ასევე 7 ბელარუსულ საწარმოზე.
10 ივნისს, ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ბელარუსისთვის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის, ასევე მისთვის ნებისმიერ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებსა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვისკენ.
რეზოლუციაში მკაცრად არის დაგმობილი მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაჯდომა, რომელსაც დეპუტატებმა სახელმწიფო ტერორიზმის აქტი უწოდეს. დაგმობილია, ასევე ბელარუსი ოპოზიციონერის რომან პრატასევიჩისა და მისი მეგობარი გოგოს სოფია საპეგას დაკავება.
ევროდეპუტატებმა თქვეს, რომ აუცილებელია ბელარუსის საკვანძო დარგების მიმართ ოპერატიული ეკონომიკური და სექტორალური ზომების გატარება, კერძოდ, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ფოლადისა წარმოებასა და ხის გადამამუშავებელი სექტორის წინააღმდეგ.
ევროპარლამენტმა მოუწოდა მინსკს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს პროტასევიჩი, საპეგა და სხვა პოლიტიკური პატიმრები.
რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, სასწრაფოდ დაუწესდეთ სანქციები ბელარუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მინსკში, Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაჯდომაში.
ამასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარებმა მიმართეს ევროკავშირის ქვეყნებს, „სასწრაფოდ შეუდგნენ მომდევნო სანქციათა პაკეტის მომზადებას მათ წინააღმდეგ, ვინც გასულ წელს მონაწილეობა მიიღეს, არჩევნების გაყალბებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში“.