ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში დაჯდა.
ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ბორტზე ოპოზიციონერი ჟურნალისტი, Telegram-არხის Nexta-ს დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა.
ბელარუსის სახელისუფლებო მედიის ცნობით, თვითმფრინავი მინსკში ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე დასვეს. ჩხრეკის შედეგად, ბორტზე არავითარი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოუჩენიათ.
მომხდარს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროსაბჭო. ევროკომისია, ევროპარლამენტი, ასევე ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსის ხელისუფლებისგან განმარტებებს მოითხოვენ.
"ყოვლად დაუშვებელია აიძულო კომპანია Ryanair-ის ათენი-ვილნიუსის რეისი, მინსკში დასვას. მგზავრებს უფლება აქვთ დაუყოვნებლივ განაგრძონ მგზავრობა ვილნიუსისკენ უსაფრთხოების სრული დაცვით", - წერს Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ინციდენტს ეხმიანება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.
"შეშფოთებული ვარ ინფორმაციებით მინსკში, Ryanair-ის იძულებითი დაშვების შესახებ, მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეისი და მისი მგზავრები. აუცილებელია ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) მხრიდან ინციდენტის გამოძიება", - განაცხადა შარლ მიშელმა.