გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ ქვეყნებში ადამიანური განვითარების მონაცემების მიხედვით შედგენილი 2010 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. აღნიშნულ რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 169 სახელმწიფოს შორის 74-ე ადგილს იკავებს.
აღნიშნული რეიტინგი ქვეყნების 4 ჯგუფად არის დაყოფილი - "ძალიან მაღალი ადამიანური განვითარების ქვეყნები", "მაღალი ადამიანური განვითარების ქვეყნები", "საშუალო ადამიანური განვითარების ქვეყნები" და "დაბალი ადამიანური განვითარების ქვეყნები". გაეროს რეიტინგში საქართველო ქვეყნების მეორე ჯგუფში - "მაღალი ადამიანური განვითარების ქვეყნებში" მოხვდა.
ადამიანურ განვითარების ინდექსში 1-ელ ადგილზე ნორვეგია იმყოფება, მეორე და მესამე ადგილებზე ახალი ზელანდია და ავსტრალია არიან. რეიტინგის ბოლო - 169-ე ადგილზე ზიმბაბვე იმყოფება.
ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის საუკეთესო მონაცემები ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ - ესტონეთი 34-ე ადგილზე იმყოფება, ლიტვა - 44-ზე, ლატვია - 48-ზე. ამის შემდეგ მოდიან ბელარუსი - 61-ე ადგილი, რუსეთი - 65-ე, ყაზახეთი - 66-ე, აზერბაიჯანი - 67-ე, უკრაინა - 69-ე, საქართველო - 74-ე, სომხეთი - 76-ე. "საშუალო ადამიანური განვითარების ქვეყნების" ჯგუფში მოხვდნენ თურქმენეთი - 87 ადგილზე, მოლდოვა - 99-ზე, უზბეკეთი - 102-ზე, ყირგიზეთი - 109-ზე, ტაჯიკეთი - 112-ე ადგილზე.
ცნობისათვის: აღნიშნული რეიტინგი შედგენელია ქვეყნებში ჯანმრთელობის, ცხოვრების დონის, სოციალური დაცვის, განათლების დონის, გარემოს დაცვის და სხვა სოციალურ სფეროებში არსებული მონაცემებით.