ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე პარლამენტში საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ მშვენიერაძე facebook-ზე წერს.
როგორც მშვენიერაძე აღნიშნავს, "ოპოზიციას, რომელიც უკვე შევიდა პარლამენტში და რომელიც დიდი ალბათობით ასევე შევა, შეუძლია ამ კომისიის შექმნა და საზოგადოებისთვის ღიად, პირდაპირ ეთერში ჩვენება, რა ხდება აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე"
ადვოკატის თქმით, ამ გზით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
"საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით, ვითხოვთ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.
ოპოზიციას, რომელიც უკვე შევიდა პარლამენტში და რომელიც დიდი ალბათობით ასევე შევა, შეუძლია ამ კომისიის შექმნა და საზოგადოებისთვის ღიად, პირდაპირ ეთერში ჩვენება, რა ხდება აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან - დღემდე.
ამ გზით პასუხი გაეცემა ყველა კითხვას და საზოგადოებაც კარგად დაინახავს, ვინ იბრძვის და იბრძოდა საქართველოსთვის და ვინ პირიქით, ვინ არის მართლა პატრიოტი და ვინ მოღალატე.
ბევრს შერცხვება ივერი მელაშვილის თვალებში შეხედვის იმ მორალური ტერორის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანს დღეს უწყობენ. ზოგს იმიტომ, რომ თავად არის ამ ტერორის უნებლიე მონაწილე და ზოგს იმიტომ, რომ საკუთარი დუმილით უშვებს ამ ტერორს. ხოლო, ამ სიბინძურის ავტორებს, არაფრის არ შერცხვებათ, რადგან მათ სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ გააჩნიათ. ამიტომ, მათთვის იარსებებს მხოლოდ ერთი პასუხი - კანონი", - წერს მშვენიერაძე.