თქვენ რომ სამართალდარღვევას ეძახით, ეს არის ადამიანების სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, - ასე უპასუხა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა განხილვაში, რომელიც სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ეხება.
ნაცვლიშვილის თქმით, ამ კანონპროექტს არ ჰქვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, ამას ჰქვია „ქართულ ოცნებას“ ეშინია” კანონის.
„კონსტიტუციაში გვიწერია, ვისაც ჯერ არ გინახავთ გირჩევთ, რომ 34-ე მუხლი წაიკითხოთ, ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც ის ემსახურება. რა ლეგიტიმური მიზანი გაქვთ? სტატისტიკის შემცირებას ცდილობთ? განმარტებით ბარათში მარტო ეს წერია, ბოლო წლებში მოიმატაო ამ სამართალდარღვევებმაო. თქვენ რომ სამართალდარღვევას ეძახით, რეალურად ეს არის ადამიანების სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება. აქ გაიჟღერა ევროპის ქვეყნებში როგორ ხდებაო. ევროპის ქვეყნებში სხვანაირი სასამართლოა, ესეც არ დაგვავიწყდეს. 48 საათზე მითითებას რაც შეეხება, არაუმეტეს 48 საათისაო და არა აუცილებლად 48 საათიო. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, ხომ არ დაინტერესდებოდით კომიტეტზე, რომ განიხილავდით ამ საკითხს, სასამართლო პრაქტიკა ამოგეღოთ, რა ხდება. სასამართლოები უსჯიან ამ ადამიანებს ჯარიმებს და ზოგჯერ ციხეს იმისთვის, რასაც აი, ეს დოკუმენტი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას არქმევს და ეს დოკუმენტი უზენაესია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.