პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს პასუხობს, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა განხილვაში, რომელიც სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ეხება.
ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ეს საბჭოთა კანონია.
„მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს. გასაგებია, რომ აქ როლები განაწილებულია, მაგრამ შეგვიძლია სიმართლის დამნახავის როლიც ავირჩიოთ.ზოგჯერ ეგეც შეგვიძლია გავაკეთოთ. ახლა რაშია საქმე, მე უკვე აღვნიშნე, რომ ეს არის 1984 წლის კანონი. სირცხვილია, მათ შორის ყველა მოწვევის პარლამენტის სირცხვილია, რომ დემოკრატიულ საქართველოში საბჭოთა კანონი არსებობს და ალბათ საბჭოთა მენტალობაზე მიუთითებს, რომ დღემდე 1984 წლის კანონით ხდება მოქალაქეებთან ანგარიშსწორება. ამ კანონპროექტს არ ჰქვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, ამას ჰქვია „ქართულ ოცნებას“ ეშინია” კანონის.
ახლა რისი გეშინიათ აგიხსნით. გეშინიათ ხალხის პროტესტის, რომელიც მხოლოდ მოიმატებს, არ მოიკლებს და მათ შორის ეს გაზრდილი სანქციები ვერ შეაშინებთ მოქალაქეებს. მეორე – გეშინიათ, რომ პოლიციელები ჩამოგეშლებიან, რადგან იმ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ უკანონო და უღირს ბრძანებებს აძლევთ და სამწუხაროდ ბევრი მათგანი ამას ასრულებს, მათ ჰყავთ ოჯახები და გააჩნიათ ღირსება. არავის უნდა თქვენ გამო ესროდნენ ტალახს, ეძახდნენ მონას და გეშინიათ, რომ ეს საპოლიციო სისტემა ჩამოგეშლებათ. აი, ამის გეშინიათ, ამიტომ გინდათ ამ კანონპროექტის მიღება. შიში ჰქვია ამას და არა საკანონმდებლო ცვლილებები“, - თქვა ნაცვლიშვილმა.