დღეს, იდეების კონსოლიდირება და შინაარსობრივი ოპონირება გვჭირდება, ნაცვლად უშინაარსო კრიტიკისა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება საშუალებაა გამოწვევების გასამკლავებლად.
„გამოწვევების ღირსეულად გამკლავება კი თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. მჯერა რომ, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თითოეული ჩვენგანი, საზოგადოების ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა აყენებდეს და განსხვავებულ ხედვებს ქვეყნის სასიკეთოდ დავაახლოებთ. მე ამის იმედი მაქვს. გამოწვევების ეფექტურად დასაძლევად, დღეს იდეების კონსოლიდირება და შინაარსობრივი ოპონირება გვჭირდება ნაცვლად უშინაარსო კრიტიკისა. ჩვენ უნდა დავდოთ რეალური შედეგები. ამას ელოდება ჩვენგან საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ და გვექნება ნაყოფიერი და საინტერესო საპარლამენტო ცხოვრება, ამის თქმის საშუალებას მაძლევს მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც საამისოდ, ვფიქრობ, სრული პოტენციალი აქვს. კიდევ ერთხელ, – სრულფასოვანი და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პოლარიზაციის დაძლევა და 19 აპრილის შეთანხმების სწრაფი და სრულფასოვანი შესრულება. ეს ჩვენი, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის საერთო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს“, – განაცხადა კუჭავამ.