საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ახლა უკვე ცდილობენ, ხელი შეუშალონ შეთანხმების შესრულებას.
„გუშინწინ ჩაიშალა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დესტრუქციული დღის წესრიგი, განიცადა მარცხი და ახლა აცნობიერებენ ამას. მათ მიერ შეთანხმების ჩაშლის წინა მცდელობები შედეგიანი იყო, ამ ჯერზე მათ ყველანაირი შესაძლებლობა ჩაეკეტათ, შეთანხმება შედგა და ახლა, როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ, ხელი შეუშალონ ამ შეთანხმების შესრულებას, ჩაშალონ მისი აღსრულება.
გარწმუნებთ, რომ აქაც მათ ყველანაირი გზა ჩაეკეტებათ. კერძოდ, რაც ეხება გირაოს, ევროკავშირი მზად არის, გადაიხადოს და თუ ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, თუ ვინც არის მის გარშემო შემოკრებილი, უარს აცხადებენ, ევროკავშირის ეს ნაბიჯი მიიღონ, გამოდის, რომ უნდა შევიწყალოთ. ამნისტია გარკვეულწილად პატიების აქტია პარლამენტის მხრიდან და მასაც სავარაუდოდ, არასამართლიანად თვლის, არ ვიცი, აპირებს თუ არა, დაეთანხმოს, თუმცა, ეს ბოლოს და ბოლოს არის მისი გადასაწყვეტი. მეტი არც ერთი გზა არ არის.
გუშინ საღამოს კიდევ ერთხელ დაისვა კითხვა, სხვა გზები ხომ არ არსებობს და შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება მიღწეულია, ხელი მოწერილია და ყველამ კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი არ აქვს მოწერილი და ახლა ცდილობენ, რომ ეს შეთანხმება ჩაშალონ. ამის მიუხედავად, გირაო მაინც იქნება გადახდილი ევროკავშირის მიერ და ნიკა მელიას დარჩება შესაძლებლობა, თუ სურს, მალე გამოვიდეს ციხიდან, ეს გირაო მიიღოს, თუ არ მიიღებს, ამნისტიის კანონი მაინც იქნება მიღებული. ჩვენ ამ პატიების აქტს მივიღებთ და თუ მას არ სურს და უნდა, მაინც და მაინც ციხეში იჯდეს, რა ვქნათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.