იაპონიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიწისძვრისგან დაზიანებული ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან წყალი ოკეანეში ჩაიღვრება.
ასეულობით ათასი ტონა წყალი 2011 წელს მიწისძვრისა და ცუნამისგან დაზიანებული ატომური რეაქტორების გასაგრილებლად გამოიყენეს. ამჟამად, ეს წყალი რაიოდაქტიური ნივთიერებებით არის დაბინძურებული, თუმცა ოკეანეში ჩაღვრამდე მას გაწმენდენ, რაც ხანგრძლივი პროცესი იქნება.
იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, გაწმენდის შემდეგ წყალი მოსახლეობისა და გარემოსთვის ზიანის მომტანი არ იქნება.
წყლის გადაღვრის გარეშე, შეუძლებელია ატომური ელექტრო სადგურის საბოლოოდ დაკონსერვება. სწორედ ამიტომ, ოკეანეში ჩაღვრის იდეა 2019 წელს გაჩნდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე 2021 წელს მივიდნენ.
წყლის გასაწმენდად იაპონია გამოიყენებს საგანგებო ALPS სისტემას, რომელიც შლის რადიოაქტიური ნივთიერებების უმეტეს ნაწილს, მათ შორის სტრონციუმსა და ცეზიუმს, თუმცა წყალში მცირედი კონცენტრაციით დარჩება ტრიტიუმი. იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, ტრიტიუმის ეს კონცენტრაცია საფრთხს არ უქმნის ადამიანის ჯანრმთელობასა და გარემოს.
ვარაუდობენ, რომ გაწმენდის შემდეგ, ტრიტიუმის კონცენტრაცია 1 ლიტრ წყალში 1.5 ათასი ბეკერელი (რადიოაქტიური იზოტოპების აქტიურობის საზომი ერთეული) იქნება, რაც შვიდჯერ დაბალია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტზე.
წყლის გაწმენდისა და შემდგომ ოკეანეში ჩაღვრის პროცესს, რომელიც ორ წელიწადში დაიწყება, გააკონტროლებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.
ფუკუშიმას ბირთვული ელექტროსადგურის წყალსაცავებში 1,25 მილიონ ტონაზე მეტი წყალი ინახება.
2011 წლის მარტში იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მძლავი მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია. ცუნამის შედეგად წარმოშობილმა გიგანტურმა ტალღამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ბირთვულ ავარიად ითვლება, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ.
კატასტრობამ 16 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა, 2.5 ათასი ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება.