საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სტრასბურგში 2019 წლის 20 ივნისი მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგში ორ სარჩელს აგზავნის. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი თამარ ონიანი აცხადებს, რომ საიას მიერ წარგენილი ორი საჩივარი შეეხება სახელმწიფოს მიერ აქციების მართვასთან დაკავშირებით სისტემურ პრობლემებს.
ერთი სარჩელი ეხება ჟურნალისტებს, ხოლო მეორე - გამოხატვის თავისუფლების დარღვევის დადგენას, რაც ცალკე გამოძიების საგანია.
საია-ს იურისტი გიორგი ტაბატაძე ამბობს, რომ პროკურატურას გამოძიება უნდა მიჰყავდეს ამ მუხლით, თუმცა, მისივე თქმით, პროკურატურა თავს იკავებს ამ მიმართულებით გამოძიების ჩატარებისგან.
საიას თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოშ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არის პრობლემები კვალიფიკაციის სისწორესთან დაკავშირებით.
"ვფიქრობთ, რომ გამოძიება ჩვენს შიდა ინსტანციებში არის არაეფექტური. დაზარალებულის სტატუსის არ ქონის გამო, ჩვენც მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რაიმე ქმედითი გავლენა მოვახდინოთ გამოძიებასთან. არის პრობლემები კვალიფიკაციის სისწორესთან დაკავშირებით და შესაბამისად ამ მიზეზების გამო გადავწყვიტეთ, ამ ადამიანების სახელით მივმართოთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს”,- განაცხადა საიას თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.
ორგანიზაციის განმარტებით:
დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა / დაზარალებულების არაეფექტიანი ჩართულობა: დღემდე, საიას დაცვის ქვეშ მყოფი 22 პირიდან 20 პირი დაზარალებულად არ არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პირებისთვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი დასტურდება საგამოძიებო ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი ვიდეო-მასალის, სამედიცინო დოკუმენტებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მოპოვების გაჭიანურება: გენერალურმა პროკურატურამ სამხარაულის ბიუროში სამედიცინო ექსპერტიზა გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, 2019 წლის 02 ივლისს, და მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, პირადი შემოწმების გარეშე, დანიშნა. დღემდე საგამოძიებო ორგანო, საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაზარალებულად ცნობაზე უარს ასაბუთებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების არარსებობით. ხაზგასასმელია, რომ ექსპერტიზის დანიშვნიდან 21 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის პასუხები კი ამ დრომდე პროკურატურას მოპოვებული არ აქვს, რითიც მნიშვნელოვნად ჭიანურდება პროცესი.
საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა: გენერალურმა პროკურატურამ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო გონივრული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც, მათ შორის, მოთხოვნილი იყო საიას მიერ, და რომლებიც აუცილებელია მომჩივანთა დაზიანების გარემოებებისა და დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად.
ჩადენილ დანაშაულთა არასწორი კვალიფიკაცია: მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად მოწმობს, რომ კონკრეტულ ეპიზოდებთან მიმართებით ჩადენილია არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობა, რომელიც, თავისი არსით, უფრო სერიოზულია, ვიდრე სსკ 333-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დღემდე გამოძიება მხოლოდ 333-ე მუხლით მიმდინარეობს... გამოძიება არ მიმდინარეობს სსკ 154-ე მუხლით (ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა).
დამნაშავეთა დაუსჯელობა: როგორც სახალხო დამცველის 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების შუალედური ანგარიშიდან იკვეთება, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, თუმცა, დევნა დღემდე არ დაწყებულა.