გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის ათი წლის თავზე სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ერები პოლიტიკაში ქალთა გაზრდილი წარმომადგენლობისა და ქალთა უფლებების უფრო მტკიცედ დაცვისთვის მზად არიან. გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის ათი წლისთავთან დაკავშირებით, ქეა საერთაშორისომ კავკასიაში პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სამხრეთ კავკასიის მასშტაბით ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და ქალთა უფლებების დაცვის ცოდნის დონის დასადგენად გამოკითხვა ჩაატარა.
სულ 24 თემში 394 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვაში სხვადახვა ასაკის ქალები და მამაკაცები მონაწილეობდნენ. გამოკითხვა რეგიონის ქალაქებში, სოფლებსა და დევნილთა კომპაქტური განსახლების ადგილებში ჩატარდა.
რესპონდენტთა 63% (მამაკაცების 53% და ქალების 71%) ფიქრობს, რომ მათ ქვეყნებში პოლიტიკური წარმომადგნელობის კუთხით გენდერული უთანასწორობის პრობლემა არსებობს. რესპონდენტების 67% (მამაკაცების 53% და ქალების 77%) პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით კანონების შემოღების მომხრეა. თუმცა გამოკითხულთა 26% (მამაკაცების 34% და ქალების 19%) საპრეზიდენტო არჩევნებში ქალის კანდიდატურის მხარდასაჭერად მზად არ არის. მეორე მხრივ, 30% დიდი სიამოვნებით მისცემდა ხმას ქალ კანდიდატს (თუმცა, ქალები ამ თანამდებობაზე კენჭს არ იყრიან).
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სამხრეთ კავკასიაში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობის მიუხედავად, პოლიციას მსგავს შემთხვევაში გამოკითხულთა ძალიან მცირე ნაწილი თუ მიმართავდა (15%). რესპონდენტების 75% (ქალების 84% და მამაკაცების 67%) ფიქრობს, რომ ქალთა უფლებების დასაცავად მეტი კანონია საჭირო. გამოკითხულები ასევე მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანიასამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალების ჩართვა. 62%-ის აზრით, უფრო მეტი ქალის ჩართვა მოლაპარაკებათა პროცესზე დადებით გავლენას მოახდენს. ამჟამად რეგიონში არც ერთ დელეგაციაში ქალთა რაოდენობა ერთს არ აღემატება.
"ეს შედეგები საკმაოდ საინტერესოა. იყო რამდენიმე საკითხი, სადაც თითქმის ზუსტად ვიცოდით, რა სახის პასუხს მივიღებდით. მაგრამ ძალიან დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ შედეგების თანახმად, ქალების უფრო მეტ ჩართულობასა და მათი უფლებების დაცვაზე მოთხოვნა არსებობს. გვესმის, რომ კვლევას თავისი შეზღუდვები აქვს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ შედეგები, გარკვეულწილად, მთავრობებს დააფიქრებს და წაახალისებს, მეტი ყურადღება დაუთმონ გენდერული თანასწორობის საკითხებს და ამ საკითხებზე ხალხის დამოკიდებულების კვლევას", - განაცხადა ქეა საერთაშორისოს პროექტის მენეჯერმა ენთონი ფორემანმა.
გამოკითხვა სამხრეთ კავკასიის მასშტაბით პროექტ "სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისთვის ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება" ფარგლებში მომუშავე არამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპისთვის თანადაფინანსებით.
გამოკითხვა პროექტის სამიზნე თემებში და რეგიონის დიდ ქალაქებში ჩატარდა. გამოკიხთვის ჩატარებაში მონაწილეობდნენ შემდეგი პარტნიორი არასამთავრობო ორგანზაციები: აფხაზეთის ქალთა ასოციაცია, სომხეთის ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეა, სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი, დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" და ქალთა ინსტიტუტი.
გამოკითხვა გაეროს უშიშრობის საბჭოს 1325 რეზოლუციის მიღების 10 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარდა. აღნიშნული რეზოლუცია გაეროს წევრ ქვეყნებს პოლიტიკაში, კონფლიქტების პრევენციასა და პოსტკონფლიქტურ აღმშენებლობაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისკენ, ასევე პოსტკონფლიქტურ ქვეყნებში ქალთა დაცვისკენ მოუწოდებს.