ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვაქცინა, რომელზედაც მთელი მსოფლიო ძალისხმევით იბრძვის, გამოუყენებელი დაგვრჩეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას განცხადებით, როგორც კი აღმოჩნდება, რომ აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება, 55 წელს ზემოთ ჯგუფი იქნება.
"მსოფლიო მონაცემები მიუთითებს, რომ მოსახლეობის 30 პროცენტი არის ის რაოდენობა, რომელსაც სურს, რომ ვაქცინაცია გაიკეთოს. ჩვენ ძალიან დაბალ მაჩვენებელზე ვართ, თუმცა პოტენციალი, რომ ვაქცინების ათვისება სწრაფად მოხდეს, ჯერ კიდევ არსებობს. შესაძლოა, 100 დოზა გამოყოფილი იყოს ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ცნობილი ადამიანებისათვის, ამას კარგად სჭირდება დაგეგმვა და საზოგადოების ჩართულობა", - განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, როგორც გაბუნია აცხადებს, თუ ვაქცინების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, „კოვაქსიდან“ მომდევნო დოზების მოწოდება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
"მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის დოზები, რომლებსაც „კოვაქსიდან“ მივიღებთ, იყოს სრულად და ეფექტურად ათვისებული. მოთხოვნა გლობალურად ძალიან მაღალია, თუ არ ვუჩვენებთ კარგ შესრულებას ამ პირველ ეტაპზე, კითხვის ნიშნები დაისმება მომდევნო მოწოდებაზე", - განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ამ ეტაპზე, იმუნიზაციის პროგრამა ასტრაზენეკას მიერ წარმოებული პრეპარატით მიმდინარეობს. მოელიან, რომ დღეს, გვიან ღამით ქვეყანაში შემოვა Pfizer-ის ვაქცინის 30 000-მდე დოზა, რომელიც 14 000-მდე ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შემდეგი ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, ჩინური კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული პრეპარატი იქნება.
ამ დროისთვის, ვაქცინაციის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. 25 მარტიდან, ვაქცინაციის პორტალი გაიხსნება, 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაც.