23 მარტს, ვაშინგტონში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართა, რომელიც ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯინ შაჰინმა მოიწვია.
სხდომაზე სენატორების შეკითხვებს უპასუხეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, კარა მაკდონალდს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტს.
მოსმენის დასრულების შემდეგ, სენატორმა ჯიმ რიშმა, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას სხდომაში, "ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა, რომ აუცილებელია, ყველა მხარემ მოლაპარაკებების მაგიდაზე გამოსავალი გამონახოს.
"აქ ბევრ ჩვენგანს ძალიან, ძალიან სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს. ჩვენ საქართველოში 2012 წლის თავდაპირველ არჩევნებზე ვიყავით და უკან ძალიან ოპტიმისტური განწყობებით დავბრუნდით. [მას შემდეგ] ვნახეთ უკუსვლა და როგორც ჩანს, ვითარება არ უმჯობესდება, ის უარესდება. ვიცი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მიმდინარეობს მედიაცია. ორივე პოლიტიკურ პარტიას მტკიცედ მოვუწოდებ დასხდნენ და გამოსავალი მონახონ. თუ ახლა ვერ მონახეს სწორი გამოსავალი, მას ვერასოდეს მონახავენ. მეორეს მხრივ, ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ განიხილება, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს", - თქვა სენატორმა რიშმა.
მისივე თქმით, გამოსავლის პოვნაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება, თუმცა ძალაუფლებაში მყოფ პარტიას, ოდნავ უფრო მეტი.
"მთავრობა, ისევე როგორც პოლიტიკური პარტიები, ადამიანებისგან შედგება. როდესაც მოლაპარაკებებზე ვსაუბრობთ, ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანების კეთილ ნებაზე, კეთილსინდისიერებასა და ჩართული ადამიანების ხასიათებზე. თუ ისინი სწორად გაერთიანდებიან, თუ ყველას ერთი მიზანი აქვს, თუ ყველა კეთილსინდისიერად იქცევა, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ეს სიტუაცია შეიძლება გადაუჭრელი დარჩეს. აქ ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა. ცხადია, მათ ვინც ძალაუფლებაში არიან, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა აქვთ", - აღნიშნა ჯიმ რიშმა.
• რუსეთი ერთადერთია, ვინც საქართველოში არსებული კრიზისით მოგებულია - სენატორი ჯინ შაჰინი
• ოპოზიციის წევრების ციხეში გატარებული ყოველი დღე რუსეთის გამარჯვებაა - სენატორი შაჰინი
• საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია. იმედგაცრუებული ვარ, რომ ყველა პარტიამ დაუშვა, კრიზისი ასე დიდხანს გაგრძელდეს - ჯინ შაჰინი
• მელიას დაკავება საქართველოს დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია - ჯორჯ კენტი